"არის ადგილები, სადაც "ბასლეინმა" შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს" - მევლუდ მელაძე
სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ, გლდანის ხიდის დამაკავშირებელი გზისა და ფეიქრების ქუჩის ნაწილის დავიწროება მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს. აღნიშნული მონაკვეთი წლებია დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ და პრობლემურ საგზაო კვანძად ითვლება, ბოლო ცვლილებების შემდეგ კი მძღოლების თქმით, მოძრაობა კიდევ უფრო გართულდა.
გზის დავიწროებასა და ავტობუსის ზოლის მოწყობის საკითხზე „ბიზნესპრესნიუსი“ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მევლუდ მელაძეს ესაუბრა. მისი შეფასებით, პრაქტიკაში უკვე არაერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც მსგავსი გადაწყვეტილებების შედეგად საცობების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდა.
მევლუდ მელაძის თქმით, მსგავსი პროექტების შეფასებისას კარგი მაგალითია თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდისკენ ჩასასვლელი მონაკვეთი, სადაც ავტობუსის ზოლის მოწყობამ, მისი თქმით, უმოკლეს დროში სერიოზული პრობლემები შექმნა.
“ძალიან კარგი მაგალითი იყო თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდზე ჩასასვლელი ქუჩა. იქაც თავის დროზე გაკეთდა „ბასლეინი“ და მაშინვე მოხდა კატასტროფა. იმდენად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, რომ ძალიან სწრაფად გაუქმდა ეს გადაწყვეტილება და ისევ ორი ზოლი დატოვეს…