მეუფე გრიგოლი: „ჩვენ ყველანი სულიერი ძმები ვართ — ახალ პატრიარქს წარმატებას ვუსურვებ”
ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატი, TV ფორმულასთან ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს მიულოცა და სულიერი ერთობის შესახებ ისაუბრა.
„როგორ შეიძლება რამე პოზიციაზე ვისაუბროთ, როდესაც შედგა გაფართოებული საეკლესიო კრება, გაიმართა არჩევნები და ყველამ თავისი გადაწყვეტილება მიიღო. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.
ჩვენთვის მთავარია სულიერი ერთობის შენარჩუნება. ეკლესია ყოველთვის ასე ყოფილა ჩვენთვის — განსაკუთრებით ჩვენი ერისთვის — გამამთლიანებელი ძალა, ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობის ბურჯი. ამიტომ მჯერა, რომ ასე გავაგრძელებთ.
მე სიტყვაში კიდევ ავღნიშნე: ჩვენ თუ ერთგვარი პაექრობა გვაქვს არჩევნებში, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვართ. ჩვენ ყველანი სულიერი ძმები ვართ. ვისაც არ უნდა გაემარჯვა, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ერთად გავაგრძელებთ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ჩვენი ერის სულიერი ერთობისთვის ლოცვასა და შრომას.
დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ღმერთმა დალოცოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი და მისი სისავსე!” — განაცხადა მეუფე გრიგოლმა.