პროსახელისუფლებო „ექსპერტი” პუტინის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო
„კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის” დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი, რომლის ანტიდასავლურ ნარატივებსაც სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ხშირად ციტირებს, ვლადიმირ პუტინის მასპინძლობით სანქტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს (SPIEF) დაესწრო. 5 ივნისს ის „პლატფორმა 3+3-ის” შესახებ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში საქართველოდან ჩასულ „ექსპერტად” იყო წარმოდგენილი.
მოგვიანებით რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ, „Sputnik”-მა, მეტრეველთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. მასში მეტრეველი ამბობს, რომ საქართველოს არ შეუძლია გარშემო მიმდინარე მოვლენების უგულებელყოფა, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ” „3+3” ფორმატში მონაწილეობაზე წელსაც უარი თქვა. მისი თქმით, საქართველომ ფორმატთან მიმართებით გრძელვადიანი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს და მოვლენების განვითარებას ახლოდან დააკვირდეს.
„3+3” ექვსმხრივი პლატფორმაა, რომელიც ორი „სამეულის” — აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის, ირანის, თურქეთის — შეხვედრას გულისხმობს. პირველი შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში გაიმართა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები არ დაესწრნენ.
მეტრეველმა „რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას განაცხადა, რომ სანქტ-პეტერბურგში საკუთარ თავს წარმოადგენდა: „რაც ვისაუბრე, არის პირადად ჩემი მოსაზრება”, — აღნიშნა მან და დაამატა, რომ მას SPIEF-ის საორგანიზაციო ჯგუფი დაუკავშირდა და „საექსპერტო შეხვედრაში” მონაწილეობა შესთავაზა.
ფორუმზე მეტრეველთან ერთად მომხსენებლებს შორის იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი. ღონისძიება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული „გორჩაკოვის ფონდის” მხარდაჭერით ჩატარდა. ფონდი 2010 წელს, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.
ფონდი რუსეთის რბილი ძალის ერთ-ერთ ინსტრუმენტად მიიჩნევა. მისი წესდების მიხედვით, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საინფორმაციო რესურსების სფეროებში. წესდებაში ასევე მითითებულია, რომ ფონდი ხელს უწყობს საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის პოპულარიზაციას.