"3+3 ფორმატი ოკუპირებული ქვეყნისთვის მიუღებელია" — ნიკოლოზ მეტრეველი გალუზინთან პოლემიკაზე
ქართველი ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი განმარტავს, რომ სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, „3+3 ფორმატის” სესიაზე, პირდაპირ რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს, პირადად განუცხადა: ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის ეს ფორმატი მიუღებელია.
„მე ვარ პირველი ქართველი ექსპერტი, რომელმაც საჯაროდ, დისკუსიის დროს, პირდაპირ გალუზინს დავუფიქსირე — სანამ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, „3+3 ფორმატი” ჩვენთვის მიუღებელია. ადგილს მნიშვნელობა არ აქვს — მნიშვნელობა აქვს, რას იტყვი,” — განაცხადა მეტრეველმა „ინტერპრეს ნიუსთან” საუბარში.
ექსპერტი ამტკიცებს, რომ ფორუმზე მონაწილეობა „ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებული არ ყოფილა. „ვიზიტს ცდილობენ, „ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებულს წარმოაჩინონ — ეს სიმართლეს არ შეესაბამება,” — ამბობს ის.
მეტრეველი, რომელიც „ქართული ოცნების” ამომრჩეველს და მხარდამჭერს წარმოადგენს, თვლის, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვა ნებისმიერ პლატფორმაზეა შესაძლებელი — მნიშვნელოვანია, პოზიცია რამდენად მკაფიოდ გამოითქვა.