მესტიაში სპეცოპერაცია: 148 კრიპტოვალუტის მაინერი ამოღებულ იქნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მესტიაში სპეცოპერაციის შედეგად 6 სხვადასხვა ობიექტიდან 148 კრიპტოვალუტის მაინერი ამოიღო. ყველა მათგანი ელექტროენერგიას უკანონოდ იყენებდა კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პრიმა, მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის მიხედვით — ელექტრო- და სითბოენერგიის, გაზის ან წყლის უკანონო გამოყენება, ჩადენილი ორგანიზებულად. სანქცია — 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ენერგეტიკის მინისტრმა გიორგი მდინარაძემ 1 ივნისს გააფრთხილა, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. მინისტრმა განმარტა, რომ სვანეთის მოსახლეობა უფასო ელექტროენერგიის ლიმიტს ფარგლებში რჩება, თუმცა ლიმიტს ზემოთ ტარიფის გადახდა მოეთხოვება და ამ მიზნით მრიცხველების დამონტაჟება იწყება.
სვანეთში უფასო ელექტროენერგიის ტრადიცია შევარდნაძის ეპოქიდან მომდინარეობს. პრობლემა კრიპტოვალუტის მაინინგთან მიმართებით 2019 წლიდან დგას; 2020–2021 წლებში სხვადასხვა სამთავრობო წარმომადგენელმა არაერთხელ განაცხადა, რომ საკითხი მოგვარდებოდა, თუმცა კონკრეტული ზომები ბოლო დრომდე გადაიდო.