[VIDEO] კინაღამ სასწაული მოხდა. მესის რეკორდები - არგენტინამ კაბო-ვერდეს ძლივს მოუგო
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში არგენტინამ კაბო-ვერდე დამატებით დროში 3:2 დაამარცხა.
მესიმ ტურნირზე გატანილი მეშვიდე გოლით არგენტინა პირველ ტაიმში დააწინაურა. თუმცა, კაბო-ვერდე არ დანებდა, შესვენების შემდეგ გააქტიურდა და დუარტემ ანგარიში გაათანაბრა. აქედან მოყოლებული სამხრეთამერიკული გუნდი შტურმზე გადავიდა: პირისპირ გასულ მესის მეკარე ვოზინიამ არ გაატანინა, მან ლეოს მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მოიგერია, ლოპეშმა განივი გადაცემა ჩაჭრა და კინაღამ საკუთარ კარში გაიტანა, 90+5-ე წუთზე ვოზინიამ საჯარიმოდან ლიონელის დარტყმული ბურთიც მოიგერია და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
პირველი ექსტრა ტაიმის დასაწყისში მარტინესმა „ალბისელესტე“ წინ გაიყვანა. იმ მომენტში მსაჯმა ტალიაფიკოზე თამაშგარე არ დააფიქსირა. კაბო-ვერდემ კი კაბრალის ულამაზესი გოლით თანფარდობა აღადგინა. ცოტა ხანში მეკარემ ისევ არ გაატანინა მესის, ხოლო 111-ე წუთზე კუთხურიდან ლეოს ჩაწოდებულ ბურთს რომერომ მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი (დინეიზე ავტოგოლი ჩაითვალა) და არგენტინამ გაიმარჯვა.
არგენტინა 7 ივლისს, ატლანტაში, მერვედფინალში ეგვიპტეს შეხვდება.
მაიამი. „ჰარდ როკი“
არგენტინა - კაბო-ვერდე 3:2 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 1:0 მესი (29), 1:1 დუარტე (59), 2:1 მარტინესი (92), 2:2 კაბრალი (103), 3:2 დინეი (111, საკ. კარში)
- მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი თავისი გოლების რეკორდი გააუმჯობესა - 20.
- მესი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მუნდიალებზე ზედიზედ მერვე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი.
- მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებული მატჩების რეკორდი გააუმჯობესა - 30.
- მესიმ კარიერაში 918-ე გოლი გაიტანა - რონალდოს ანგარიშზე 976 გოლია.