გოლები მბაპემ და ჰალანდმაც გაიტანეს, მაგრამ გმირი მაინც მესია - ლეოს დიდებული თამაში ალჟირთან, ჰეთ-თრიკი, რეკორდი და მტკიცებულება, რომ ლეგენდა არ ბერდება
ლიონელ მესიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკი მისთვის მხოლოდ ციფრებია. 38 წლის არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში ალჟირის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა და არგენტინას გამარჯვება მოუტანა. ისტორიული მატჩი კანზას სიტიში გაიმართა. არგენტინის კაპიტანმა ანგარიში მე-18 წუთზე შორეული დარტყმით გახსნა. მეორე გოლი მან მე-60 წუთზე გაიტანა, როდესაც ალჟირის მეკარის შეცდომით ისარგებლა, ხოლო 76-ე წუთზე ნიკო გონსალესის გადაცემის შემდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა.
მესისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველი ჰეთ-თრიკი აღმოჩნდა. ამავდროულად, იგი ტურნირის ისტორიაში გატანილი გოლების რაოდენობით გერმანელ ლეგენდას, მიროსლავ კლოზე, გაუთანაბრდა. მესის 16 გოლი აქვს გატანილი.
მატჩის შემდეგ არგენტინელმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ასეთი მომენტებით ოჯახთან, თანაგუნდელებთან და გულშემატკივრებთან ერთად ტკბობა განსაკუთრებულ ემოციას იწვევს.
“გუნდი ძალიან ერთიანია და გამარჯვებით დაწყება მნიშვნელოვანი იყო. მადლობელი ვარ გულშემატკივრების, რომლებმაც კიდევ ერთხელ აჩვენეს, რამდენად უყვართ არგენტინის ნაკრები”, - თქვა მესიმ.
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ კი აღნიშნა, რომ მესის თამაშის აღწერა სულ უფრო რთული ხდება. “20 წელია ის ასეთ წარმოდგენებს გვთავაზობს და მილიონობით ადამიანს შთააგონებს. მის შესახებ სათქმელი სიტყვები პრაქტიკულად აღარ დამრჩა”, - აღნიშნა სკალონიმ. მატჩის დასრულების შემდეგ კანზას სიტის სტადიონზე შეკრებილი ათასობით არგენტინელი გულშემატკივარი დიდხანს ზეიმობდა. ტრიბუნებიდან ყველაზე ხშირად სწორედ მესის სახელი ისმოდა. მსოფლიო ჩემპიონატის იმ დღეს, როდესაც ყურადღების ცენტრში კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდიც იყვნენ, მთავარი გმირი მაინც ლიონელ მესი აღმოჩნდა.
ნახეთ ასევე: “საიდუმლო ამბები” კილიან მბაპეზე: “პრეზიდენტობა არ მსურს, უკვე საკმარისზე მეტ ადამიანს ვძულვარ” - ულამაზესი ესპანელი შეყვარებული და ცხოვრება მოედანს მიღმა ხელჩართული ჩხუბი ფეხბურთის ფანებს შორის ტაიმზ-სკვერზე - არგენტინისა და ალჟირის ფანებმა ერთმანეთს სცემეს (ვიდეო)