← მთავარი
საზოგადოება

"სიცოცხლის ბოლო წლებში დიაკვნად ეკურთხა" - როგორი იყო ცნობილი "ტრიფონიას" ცხოვრება ეკრანს მიღმა: შემოქმედი, მწერალი და მსახიობი ცხინვალიდან

4 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

ლიტერატურის მოყვარულებისა და კინორეჟისორებისთვის ის თავიდანვე ნიჭიერი მწერალი და გენიალური სცენარების ავტორად აღიარეს, თუმცა მალევე, რეჟისორების მოთხოვნით, ის რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს… მერაბ ელიოზიშვილმა საოცარი სახეები დაუტოვა ქართულ კინოს… მისი როლებიდან მაყურებელს გამორჩეულად უყვარს მემანქანე ტრიფონია, ფილმიდან „შერეკილები“…

მერაბ ელიოზიშვილი არაერთი მოთხრობისა და გენიალური ფილმის სცენარის ავტორია, რომლებიც ქართულ კინოკლასიკადაა აღიარებული… სიცოცხლის ბოლო წლებში დიაკვნად ეკურთხა და სასულიერო პირი, მამა ელიოზი გახდა.

მერაბ ელიოზიშვილი ცხინვალში დაიბადა. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის ფაკულტეტზე გააგრძელა. ცხინვალში მიღებული მუსიკალური განათლება უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრში გამოიყენა, სადაც ვიოლინოზე უკრავდა… 1958 წელს, ჟურნალ „ცისკრის“ მე-12 ნომერში, მისი პირველი სამი მოთხრობა გამოქვეყნდა. მას შემდეგ მწერალს ამ ჟურნალთან შემოქმედებითი კავშირი არ გაუწყვეტია.

“თეთრი ქარავანი”

2019 წელს რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ და მსახიობმა იმედა კახიანმა კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გაიარეს. კანის ფესტივალზე, 55 წლის შემდეგ მეორედ აჩვენეს ქართული ფილმი „თეთრი ქარავანი“, ამჯერად ეს ნამუშევარი ფესტივალის კლასიკური ფილმების სექციაში წარდგა. ფილმი მერაბ ელიოზიშვილის მოთხრობის - „გზები და გზაჯვარედინების“ მიხედვით ორმა რეჟისორმა - ელდარ შენგელაიამ და და თამაზ მელიავამ გადაიღო.

„ჟურნალ „ცისკარში“ წავაწყდით მერაბ ელიოზიშვილის ძალზე საინტერესო მოთხრობების ციკლს. იქვე იყო მისი ლიტერატურული ჩანახატები, რომლებიც ქართველ მეცხვარეებს ეძღვნებოდა. ეს ნაწარმოები გახდა ბიძგი, რამაც მერაბთან შეგვახვედრა. ფილმის ერთ-ერთი გმირი თავად მერაბიც გახდა და ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. მთელი გადაღებების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით სცენარზე. მერაბი, როგორც სცენარისტი და მსახიობი, აქტიურად მონაწილეობდა შემოქმედებითი ჯგუფის ცხოვრებაში. მისმა უშუალო ჩართულობამ რაღაცნაირად დაგვაახლოვა და საფუძველი ჩაუყარა ჩვენს მუდმივ თანამშრომლობას,“ - იხსენებდა რეჟისორი ელდარ შენგელაია.

“დიდი მწვანე ველი”

1967 წელს მერაბ ელიოზიშვილის სცენარის მიხედვით კიდევ ერთი დიდი ფილმი „დიდი მწვანე ველი“ რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა შექმნა. ეს ნამუშევარი ქართული კინოს ნამდვილი კლასიკაა. „მერაბი ნიჭიერი და კოლორიტული კაცი იყო. სცენარი ფილმისთვის „დიდი მწვანე ველი“ თვითონ შემომთავაზა. მთავარი გმირის ხასიათი უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა - ადამიანის ბუნებისა და ცივილიზაციის შეჯახება, ბუნების ნგრევის მარადიული საკითხი. მაშინვე გადავწყვიტე ფილმის გადაღება. სცენარი ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო მიყვანილი, როდესაც ერწოს ტბაზე გადაღებები დავიწყეთ. ეს ცხინვალის ტერიტორიაზეა, საოცრად ლამაზი ადგილია. შემდეგ მასთან ცხინვალში ჩავდიოდი, მთელი დღეები ერთად ვმუშაობდით და ვხვეწდით სცენარს. მას უზომოდ უყვარდა სამშობლო, ოჯახი და ყველაფერი, რასაც აკეთებდა. სიკეთის მეტი მას ქვეყნად არაფერი დაუტოვებია… ძალიან განიცდიდა ცხინვალის სახლის დაკარგვას,“ - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.

“ბებერი მეზურნეები”

ვალერიან კვაჭაძის მიერ 1973 წელს გადაღებული ფილმი „ბებერი მეზურნეები“ მერაბ ელიოზიშვილის კიდევ ერთი სცენარია. სურათი ძველი თბილისის უკანასკნელ მოოჰიკანებზე - სამ ხანდაზმულ მეზურნეზა. ფილმა ეკრანებზე გამოსვლისთანავე დიდი აღიარება და შეფასება მოიპოვა.

„დიდედები და შვილიშვილები“

ვინც მერებ ელიოზიშვილს იცნობდა, ყველა აღნიშნავს, რომ მდიდარი ქართული ენის პატრონი იყო. წარმოშობით, როგორც აღვნიშნეთ, ცხინვალიდან გახლდათ და უზომოდ უყვარდა თავისი მხარე. სწორედ „დიდედები და შვილიშვილები“ ბავშვობის მოგონებებს მიუძღვნა, რაც ზუსტად ასახავს ამ რეგიონის კილოს, მეტყველებას. ამ ფილმის ეკრანიზაცია კი რეჟისორ ნანა მჭედლიძეს ეკუთვნის.

როლები

მერაბ ელიოზიშვილის სამსახიობო უნარები აღბეჭდილია ფილმებში: „შერეკილები“, „თეთრი ქარავანი“, „გაგიმარჯოს, მეზობელო!“ „ქვიშანი დარჩებიან“, „დაბრუნება“… როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მისი როლი რეჟისორ ელდარ შენგელაიას გენიალურ კინოკომედიაში „შერეკილები,“ სადაც ტრიფონიას სახე შექმნა.

მისი პერსონაჟის სიტყვები: „თუ კაი საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ“ - ქართული კინოს ოქროს ფონდშია ჩაწერილი. ელდარ შენგელაია თავის კინო-შედევრის გადაღების დეტალებსა და ტრიფონიას როლზე მერაბ ელიოზიშვილის დამტკიცების ისტორიას სხვადასხვა ინტერვიუში სიყვარულითა და იუმორით იხსენებდა. მერაბ ელიოზიშვილი თავდაპირველად ფილმის სცენარის ჯგუფში მუშაობდა და რეჟისორთან მეგობრობდა. როგორც ელდარ შენგელაია აღნიშნავდა, მერაბს საოცრად კარგი, ორიგინალური მეტყველება და უნიკალური ხასიათი ჰქონდა.

რეჟისორმა პირველივე დანახვისას გადაწყვიტა, რომ ის იდეალურად მოერგებოდა მატარებლის მემანქანის, ტრიფონიას როლს. მისი აყვანის გადაწყვეტილება სწრაფი და ზუსტი იყო. ტრიფონა სინამდვილეში არ იყო უარყოფითი ან ბოროტი პერსონაჟი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოლი (მარგალიტა) ქმრის არყოფნით სარგებლობდა და სახლში თაყვანისმცემლებს მასპინძლობდა. ის უბრალო, მშრომელი მემანქანეა, რომელიც სულ გზაშია, თავის მძიმე საქმეს აკეთებს და ოჯახს ინახავს.როდესაც ელდარ შენგელაიამ ეს როლი შესთავაზა, თავიდან ცოტა უცნაურად მოეჩვენა, რადგან პროფესიით მსახიობი არ იყო. თუმცა, პერსონაჟის მისმა უწყინარმა ბუნებამ, კომიკურობამაც და ფილმის საერთო ჩანაფიქრმა გადააწყვეტინა ამ როლის საუკეთესოდ მორგება… ფაქტია, რომ ელიოზიშვილის მიერ შესრულებულმა ამ როლმა და მისმა ფრაზებმა ფილმს განსაკუთრებული კოლორიტი შესძინა.

სიცოცხლის ბოლო წლები

1995 წელს, მერაბ ელიოზიშვილი დიაკვნად ეკურთხა და სასულიერო ცხოვრებას მამა ელიოზის სახელით შეუდგა… 2012 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. ეთერ ელიოზიშვილი, მერაბ ელიოზიშვილის მოგონებები მამაზე (ეპოზოდები „ერთსულოვნებისთვის“ წლების წინ მიცემული ინტერვიუდან):

პირველ რიგში - ლიახვისა და ფრონეს ხეობების ის კუთხეები, რომლებშიც დაირწა ჩვენი გენეტიკური აკვანი.ჩვენს გვარს გარკვეული მისია ჰქონდა ამ ხეობაში. მამამ ეს გრძნობა ბავშვობიდანვე შეგვისისხლხორცა. გვქონდა განცდა იმისა, რომ ჩვენი მისია დაუსრულებელია და აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენს სააკვნე სამშობლოში - ჩვენს ხეობებში, იქნება ეს ქართლი თუ ქართლს მიღმა. მთელი ცხოვრება, რაც მამასგან ვისწავლეთ, ეს იყო სიყვარული…

მისი კინოროლებიც ამ დიდი სიყვარულიდან გამომდინარეობდა. ქართლური ფრაზები მისთვის დამახასიათებელი, ლაკონური და არაეკლიანი იუმორის გამოხატულება იყო. სულ ახასიათებდა მდგომარეობის, განსაკუთრებით კი, რთული სიტუაციების, იუმორით აღქმა და ცდილობდა, ეს ჩვენთვისაც ესწავლებინა. ასე რომ, მამას იუმორი სხვანაირად ფაქიზია - უნდა მიაყურადო, ის უცებ არ გეცემა და თავბრუს არ დაგახვევს… ეს იყო ჩვენს ყოველდღიურობაში…ახლა კი, როდესაც მამა აღარ არის, მძიმედ იხსენებ, როგორ არ აფასებდი, რამდენი რამ იყო შენ ირგვლივ და როგორ არ იწერდი იმ ყველაფერს…1989 წლიდან იგი ტაძრის აქტიური მრევლი იყო.

1994 წელს კი მოხდა მისი სასულიერო პირად ხელდასხმა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსისა და პატრიარქის მიერ. რა თქმა უნდა, ეს იყო აღიარება იმისა, რომ გამართლებული იყო მისი სულიერი წყურვილი საეკლესიო ცხოვრებაში შესვლისა. იგი დიაკვნად აკურთხეს წმინდა ანტონ მარტყოფელის ღვთაების მონასტერში და მამაჩემი, მერაბი, გახდა მამა ელიოზი… უზარმაზარ სიყვარულს გასცემდა ყოველი წირვისას მორწმუნე ადამიანების მიმართ და თავადაც ასეთივე უზარმაზარი სიყვარულით ავსებდნენ ადამიანები ყოველი წირვა-ლოცვის შემდეგ.როგორც მოძღვარი, მამა ალექსანდრე გალდავასთან ერთად მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარში მსახურობდა 7-8 წლის განმავლობაში.

მამა ალექსანდრე ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდა მის ქადაგების ნიჭს, უნარსა და სიწრფელეს. ქადაგების დროს ცრემლად იღვრებოდა და ეს თავისთავად ხდებოდა - ეს იყო წმინდა ცრემლი, რომლითაც განიცდიდა იმ საიდუმლოებას, ღმერთთან სულიერ კავშირსა და ღმერთთან ყოფნას.იმ პერიოდში შექმნა ფაქიზი და სულიერებით აღსავსე ნაწარმოები „აღემართენით“. ხოლო 1989 წელს, ქარტეხილების მოახლოების პერიოდში, დაწერა პუბლიცისტურ-მხატვრული მიკრორომანი - საქართველოს ცოცხალი ისტორია, რომელსაც დაარქვა “ანდერძი”.

← მთავარი