"არც მე მესიამოვნა ეგ ვიდეო, ველაპარაკე მას..." - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი ნინა დრამას რეაქციის შესახებ, რომელმაც ილია თოფურიას ქართველი გულშემატკივრები გააღიზიანა
UFC-ის ქართველი ვარსკვლავი, მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლას კიდევ ერთხელ ეხმიანება და ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის დანა უაითისა და ნინა დრამას პოზიციების შესახებ საუბრობს. “ახალს კი არაფერს ვიტყვი, მაგრამ მაინც ვიტყვი. რაც შეეხება დანა უაითს, ის არის ბიზნესმენი, UFC-ის პრეზიდენტი რომელიც როგორც UFC-ის ბიზნესს აწყობს ისე იქცევა ხოლმე. მე ბევრ რამეში კი არ ვეთანხმები დანა უაითს, მაგრამ როგორც მას აწყობს, როგორც უფრო მეტ ფულს იშოვის, როგორც უფრო მეტ პოპულარობას მოუტანს UFC-ის ისე იქცევა ხოლმე და რა თქმა უნდა ჩვენ ერთმანეთს ვხოცავთ და წავაგებთ თუ მოვიგებთ, მაგას თავისი შოუ აქვს და დანას აწყობს.
რაც შეეხება ნინა დრამას. ნინა დრამა არის ჩემი მეგობარი, ამერიკელი ინფლუენსერი და შეცდომებს უშვებს როგორც ყველა ადამიანი. არც მე მესიამოვნა ეგ ვიდეო, როდესაც ვნახე, ჯასტინ გეიჯმა როდესაც გაიმარჯვა, სალტო გააკეთა და გახარებული დარბოდა იქით-აქეთ, ნინა დრამამ ტაში დაუკრა და მიულოცა. როგორც ქართველისთვის, ჩემთვისაც გულგასატეხი იყო ნინა დრამას რეაქცია და არ მესიამოვნა. მაგრამ ველაპარაკე მას და თავისი ახსნა აქვს.
მოკლედ ნინა დრამაც ჩვეულებრივი ადამიანია. მე კი იცით, რა გიჟი ვარ. ისიც კი იცით რომ ილია ჩემი ძმაა და ილიაზე ცუდის მთქმელს შევჭამ. ერთი წამით არ დავახამხამებ თვალს რომ ეგრევე ფიზიკურად ვიმოქმედო. მალე გამოჯანმრთელება ჩვენ ძმას. მალე ქამარსაც დაიბრუნებს და გამარჯვებების სერიასაც გააგრძელებს,“ - აცხადებს მერაბ დვალიშვილი თავის ვიდეომიმართვაში. UFC-ის ჟურნალისტი, კონტენტ კრეატორი და ინფლუენსერი ნინა მარია დრამა სოციალურ ქსელში აქვეყნებს კადრებს, რომელშიც ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას აღნიშნავს. აღნიშნულ კადრებს ქართველების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
ცნობისთვის, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა. ბრძოლა 4 რაუნდი გაგრძელდა. ბრძოლა, რომელიც თეთრი სახლის ეზოში გაიმართა, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა და მას 4 000 მაყურებელთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრო. შეგახსენებთ, ნინა დრამა UFC-ის ქართველ ჩემპიონთან, მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში 2-ჯერ იმყოფებოდა. იხილეთ ასევე:
ილია თოფურია საავადმყოფოდან გაწერეს - ცნობილია მისი ტრავმების სრული სამედიცინო დასკვნა: “ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან ავიცილეთ”