პროტესტანტ ზურაბ მენთეშაშვილს გზის განმეორებითი გადაკეტვისთვის ცხრა თვით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა 29 მაისს 61 წლის პროტესტანტ ზურაბ მენთეშაშვილს ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გზის განმეორებითი გადაკეტვისთვის. ეს პირველი განაჩენია ახალი წესების თანახმად, რომელიც პროტესტთან დაკავშირებულ განმეორებით ქმედებებს სისხლის სამართლის სანქციებს უქვემდებარებს.
მენთეშაშვილი შვიდი თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ამდენად განაჩენის მოსახდელად ორი თვე დარჩა — გათავისუფლება, სავარაუდოდ, 2026 წლის აგვისტოში მოხდება.
მენთეშაშვილს პირველად 2025 წლის 24 ოქტომბერს დააკავეს ანალოგიური ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით — შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა. გათავისუფლებიდან მალევე, 31 ოქტომბერს, კვლავ დააკავეს ამავე ქმედების განმეორებისთვის, ამჯერად სისხლის სამართლის კვალიფიკაციით. გამოძიება მის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით — შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა — დაიწყო.
მენთეშაშვილმა სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვაში განაცხადა: „მიყვარს ჩემი სამშობლო, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს [გზის გადაკეტვა] თუ დანაშაული ყოფილა, არ ვიცოდი. აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს — მეოთხედ დამიჭირეთ, თუ გინდათ.”
სხვა პროტესტანტი, შალვა ესართია, ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია — მას „პოლიციის დაუმორჩილებლობის” განმეორებითი ბრალდებებით ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.