„ცხოვრება ყარს“ (Life Stinks, 1991, აშშ. რეჟისორი მელ ბრუქსი)
ახალი ფილმის, „კოსმოსური ბურთები 2-ის“ გადაღებას მალე დავასრულებო, განაცხადა მელ ბრუქსმა თავისი დაბადების 100 წლის იუბილეზე, რომელიც 28 ივნისს დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა ჰოლივუდში.
ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა ვეტერანი კლასიკოსი ახალი ფილმის დასრულებას. ისიც უცნობია, მოეწონებათ თუ არა „კოსმოსური ბურთები 2“ კრიტიკოსებსა და მაყურებელს ისე, როგორც მისი სახელგანთქმული პროექტები … რომელი ერთი გავიხსენოთ - “პროდიუსერები”, “ახალგაზრდა ფრანკენშტეინი”, “სიმაღლის შიში”… მე პირადად საუკეთესოს ვერც გამოვარჩევ - მელ ბრუქსის კინოს დაუსრულებლად შემიძლია ვუყურო. ალბათ, ამერიკული კინოს ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება რეჟისორი, რომელმაც პაროდიის ჟანრი ისე რადიკალურად შეცვალა, როგორც მან. ბრუქსამდე ხომ პაროდია, ძირითადად, კონკრეტული ფილმის ან ჟანრის დაცინვა იყო. მელ ბრუქსთან კი კულტურის, პოლიტიკისა და ძალაუფლების კრიტიკის ფორმად იქცა.
მაგრამ დღეს სხვა დროა. ბევრმა ჩათვალა, რომ ყველაფერზე სიცილი აღარ შეიძლება. აქეთ კონსერვატორების, იქით მემარცხენეების ნაწილმა დაგვიწესა “მორალური საზღვრები”, რომელთა გადაკვეთა სახიფათოდ ითვლება. “ვოუქიზმისთვის” მელ ბრუქსი მხოლოდ უტაქტო მასხარაა, რომლისთვისაც ხელშეუხებელი არავინ და არაფერია - არც მდიდრები, არც ღარიბები, არც ფაშისტები, არც ანტიფაშისტები, არც ქალები და არც კაცები… თუკი, მაგალითად, ქალთა უფლებების დამცველ რომელიმე აქტივისტს იუმორის გრძნობა არ აღმოაჩნდა, ის აუცილებლად აღშფოთდება სახელგანთქმულ სცენაზე “ახალგაზრდა ფრანკენშტეინში”, რომელშიც ურჩხული მადლენ კენის პერსონაჟის გაუპატიურებას ცდილობს.
მელ ბრუქსის იუმორი ყოველთვის რისკიანი იყო. ის დასცინოდა ყველაფერს, რასაც საზოგადოება ხელშეუხებლად მიიჩნევდა — ჰიტლერს, ვესტერნის მითოლოგიას, ჰოლივუდის თვითკმაყოფილებას, ავტორიტეტებს. თუმცა მისი სიცილი არასოდეს იყო ცინიკური. მელ ბრუქსის ფილმებში ყველაზე ხშირად სწორედ სუსტები და გარიყულები იმარჯვებენ. შეიძლება ამიტომაცაა, რომ მისი იუმორი უფრო ზომიერი ხდება, როცა ჰოლოკოსტის თემას ეხება. თავის დროზე მელ ბრუქსმა რობერტო ბენინის “ცხოვრება მშვენიერიაც” კი დაიწუნა - ყველაფერზე შემიძლია ვიცინო, ჰოლოკოსტის გარდაო.
ნიუ-იორკში პოლონელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული ბრუქსის მშობლიური ენა იდიში იყო. ხან მედოლედ მუშაობდა, ხან კონფერანსიედ. მეორე მსოფლიო ომის დროს, ფრონტზე ამერიკელ ჯარისკაცებს ართობდა - მღეროდა და ცეკვავდა მათთვის. 60-იან წლებში კი რეჟისორობა დაიწყო.
თავიდან ამერიკული კლასიკური კინოს, ძირითადად 30-იანი წლების ფილმების, პაროდიებს მიმართა. ჯერ ფრთხილად, როგორც თავად ამბობდა, „სიყვარულით“… მაგრამ 70-იან წლებში, განსაკუთრებით „ახალგაზრდა ფრანკენშტეინის“ წარმატების შემდეგ, მისი იუმორი „გამწარდა“… ზუსტად იმ წლებში აღნიშნა, რომ პოლიტკორექტულობა ისეთივე საშიშია ამერიკული საზოგადოებისთვის, როგორც ქსენოფობია, რადგანაც ავტორიტარიზმის ერთ-ერთი ფორმაა.
შესაძლოა სწორედ ამიტომ ახერხებდა მელ ბრუქსი იმის დანახვას, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ კინორეჟისორისთვის ინტუიცია ისეთივე აუცილებელია, როგორც მუსიკოსისთვის - სმენა. მელ ბრუქსის მთელი ეს კლოუნადა, „მაიმუნობა“ და ზოგჯერ სრულიად უხამსი იუმორიც კი, გულისხმობს არა მარტო წარსულში დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას, არამედ მომავლის შეგრძნებას და წინასწარმეტყველებასაც კი.
მელ ბრუქსის ფილმი Life Stinks-ი, რომელიც ვთარგმნეთ როგორც “ცხოვრება ყარს”, სრულიად ბუნებრივად ეწერება მის შემოქმედებაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ნაკლებად ჰგავს სხვა ფილმებს. აქ თითქმის არ არის პაროდია. სამაგიეროდ, არის სოციალური სატირა, რომელიც ამერიკული ოცნების მეორე მხარეს გვაჩვენებს, და არის ძალიან საინტერესო, ცოტა არ იყოს, სახიფათო თამაში ჟანრებით, ინტონაციის უწყვეტი ცვლა, რაც ხანდახან მეტისმეტად უხეშია და “ატონალურ ქაოსს” ქმნის - ბურლესკი გადადის ტრაგედიაში, რომანტიზმი - ნატურალიზმში.
ფილმის გმირი, მილიარდერი გოდარდ ბოლტი, ფსონის გამო იძულებულია, ერთი თვე უსახლკაროდ იცხოვროს. ამ, ერთი შეხედვით, ზღაპრულ სიუჟეტს ბრუქსი თანდათან აცლის ფანტაზიის ელემენტებს და მაყურებელს რეალობის წინაშე ტოვებს. ეს უკვე ის ამერიკაა, სადაც წარმატებასა და ქუჩაში აღმოჩენას შორის მანძილი გაცილებით მცირეა, ვიდრე შეიძლება გვეგონოს.
1991 წელს Life Stinks-ი არც მაყურებელმა მიიღო და არც - კრიტიკოსებმა. ბევრი ელოდა კიდევ ერთ ექსცენტრიკულ პაროდიას, მაგრამ მელ ბრუქსმა გადაიღო თავისი, ალბათ, ყველაზე სევდიანი კომედია. დღეს, როცა სოციალური უთანასწორობა და უსახლკარობის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა, ფილმი ბევრად თანამედროვედ გამოიყურება, ვიდრე პრემიერის დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ცივი ომი სრულდებოდა, დასავლეთი კი საკუთარი ისტორიული გამარჯვებით იყო მოხიბლული. იმ დროში მელ ბრუქსის სოციალური სატირა უთანასწორობაზე და ქილიკი კაპიტალიზმზე რეჟისორის თაყვანისმცემლებისთვისაც კი გაუგებარი აღმოჩნდა.
მელ ბრუქსი ხშირად ამბობდა, რომ ტრაგედია ის არის, როცა თითს გაიჭრი, კომედია კი — როცა სხვა ადამიანი კანალიზაციაში ჩავარდება. Life Stinks-ი ამ ცნობილი ფრაზის თითქოს უარყოფაა. აქ რეჟისორი ამტკიცებს, რომ სხვისი უბედურებაც შეიძლება ტრაგედიად აღიქვა, მაგრამ არა მემარცხენის პოზიციიდან. მელ ბრუქსი იმასაც ამბობს, რომ სიმდიდრე ყოველთვის არ ნიშნავს კორუმპირებულობას. იმხანად, როცა პაროდიის დიდოსტატი იღებდა ფილმს “Life Stinks-ი”, ბრუქსი თითქოს არც ფიქრობდა თანამოაზრეებზე, უბრალოდ ის გვითხრა, რაშიც დარწმუნებული იყო. ალბათ, ამიტომაც დარჩა „Life Stinks-ი“ მის ყველაზე უჩვეულო და დაუფასებელ ფილმად — თავისუფალი არტისტის ნამუშევრად. ახლა უკვე 100 წლის არტისტისა, რომელსაც თავისი მაყურებელი დღეგრძელობას უსურვებს.