← მთავარი
მსოფლიო

მედვედევი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება – ირანის ელჩი

2 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
მედვედევი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება – ირანის ელჩი

რუსეთში ირანის ელჩმა, კაზემ ჯალალიმ, განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტია “ერთიანი რუსეთის” თავმჯდომარე, დმიტრი მედვედევი, თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

“რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერმინისტრი, დმიტრი მედვედევი, თეირანში ისლამური რევოლუციის გარდაცვლილი ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის რანგში დაესწრება.” – განაცხადა ირანის ელჩმა ISNA-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია 4 ივლისს თეირანში დაიწყება 9 ივლისს ქალაქ მეშჰედში ხამენეის დაკრძალვით დამთავრდება.

თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება ივანიშვილის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც. 9 ივლისს დაგეგმილ ცერემონიაზე, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიც არიან მიწვეულნი.

ამასთან, 30 ივნისს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ესმაეილ ბაღეიმ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრების “პატივი” არ ერგებათ, რადგან ომის დროს ისინი “ისტორიის სწორ მხარეს არ იდგნენ”.

ირანის საგარეო: ევროპელ ლიდერებს ხამენეის დაკრძალვაზე დასწრების პატივი არ ერგებათ

თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური საჰაერო იერიშების კამპანია. 28 თებერვალს მიტანილი პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი მოკლა.

მას შემდეგ ირანში ახალ უზენაეს ლიდერად ალის შვილი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს, რომელიც, დაზიანებების მიუხედავად, საჰაერო იერიშს გადაურჩა. თუმცა, მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოჯთაბა ირანს ერთპიროვნულად ვერ მართავს და მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს IRGC-ის გენერლები იღებენ.

← მთავარი