მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენაღვთისავარ ანთაძე05:00/24-06-2026+-მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტური დასრულდა. ამ დონის ტურნირზე ყველა მაქსიმალურადაა ჩართული და ცდილობს, არაფერი გამორჩეს. ყველაფერი ეს მსჯელობასა და ანალიზს მოითხოვს, მომავლის კონტურებით.
ვინ გაგვიცრუა იმედი?
პირველი ტურისგან განსხვავებით, როცა მისი თამაშით აღფრთოვანებული ვიყავით, ახლა ყველაზე დიდი იმედგაცრუება ინგლისის ნაკრებისგან მივიღეთ. მაშინაც დავწერეთ, რომ ინგლისელებს ორ სტილში თამაში შეეძლოთ, მაგრამ რაც განასთან ვნახეთ, ეს არც პრაგმატულობით შედეგის მიღწევის უნარია და არც სხვა რამ. ტუხელის გუნდს აკლდა ფანტაზია, მრავალფეროვნება და დაცვაში მწყობრად მოთამაშე მეტოქის გატეხვის უნარი. არადა, პლეი-ოფში ასეთი მეტი მოწინააღმდეგე იქნება. გასაგებია ჰარი კეინის ფორმა, დონე და მნიშვნელობა, თუმცა გუნდის ერთ ფეხბურთელის კარგ თამაშზე ამ დოზით დამოკიდებულება, თუკი ის მესი არაა, კარგის ნიშანი ვერ იქნება.
რაც პოზიტივი გამოჩნდა, საკამა და რაშფორდმა მეტი დრო უნდა მიიღონ, თუკი მწვრთნელი თავის ახირებებში არ გაიხლართება. ტუხელს გუნდში არაბეთში მოთამაშე ტონი ჰყავს, რომელიც სხვა დროს სად უნდა გამოიყენოს, თუ არა მაშინ, როცა თამაშის სცენარი შესაცვლელია და გოლი გასატანი, რთული სათქმელია. იმავეს თქმა “ასტონ ვილას” ფორვარდ უოტკინსზეც შეიძლება.
თუ იმედგაცრუებაზე ვსაუბრობთ, ეს თურქეთის ნაკრები გამოდგა. მონტელას გუნდმა მართლაც ვერ დაიჭირა ის ემოციური მომენტი, რის შესახებაც ვთქვით და რაც ასე სჭირდებოდათ. საბოლოოდ კი თურქები არდასა თუ ჩალჰანოღლუს აფეთქებაზე დამოკიდებულები გახდნენ, მათმა შემტევებმა კი, მაგალითად, აქტეროღლუმ, საშუალო კლასიც ვერ გვაჩვენეს.
ჯერჯერობით ბელგიის ნაკრები ცუდად გამოიყურება. ჯგუფიდან გასვლას ბოლო ტურში მაინც შეძლებენ, მაგრამ ერთი შეხედვით სუსტ ჯგუფში ეს საკმარისი არაა.
ვის აღმაფრენასაც ველოდით…
პირველი ტურის შეჯამებაში როგორც ვთქვით, ესპანეთის ნაკრების რესურსი დიდია და მიუხედავად დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, ის ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვინახავს.
მეორე ტურმა აჩვენა, რომ ოლმოს ამ გუნდში დიდი ფასი გააჩნია და პირველ მატჩში მის ნაცვლად გავის გამოჩენა ცოტა უცნაურიც კი იყო.
“ფურია როხას” კარგად ჰქონდა ათვისებული ერთი მეთოდი - კონკრეტულ ფლანგზე კონცენტრირება და ამით საპირისპირო ფრთაზე სივრცეების გახსნა, რასაც დიდებულად იყენებდნენ.
იამალი და უილიამსი ჯერ კიდევ არ “დაქოქილან” და ესპანელები ისეთ გუნდს ჰგვანან, პიკს ფინალისკენ რომ მიაღწევენ.
აღმაფრენა გამოუვიდა პორტუგალიის ნაკრებსა და რონალდოს, მათი თამაში სასიამოვნო საყურებელი იყო. რა იქნება უფრო რთულ მეტოქესთან, ერთად ვნახავთ, ახლა კი რაც გამოჩნდა, მწვრთნელს ფეხბურთელებთან კარგად ჰქონდა გაანალიზებული ვითარება, გამოხმაურებები, ლიდერ რონალდოსთან დამოკიდებილებების მნიშვნელობა და ამან შედეგი გამოიღო.
რბოლა
შესაძლოა, ჯგუფური ეტაპი დაძაბული არაა, მაგრამ დაძაბულობა ბომბარდირებს შორის შედგა.
ჯერ ლეო მესიმ გადაწყვიტა, არა მხოლოდ კლოზეს რეკორდი დაემხო, მეტზეც ეფიქრა და მისით კიდევ ერთხელ დავმტკბარიყავით; არგენტინელს კილიან მბაპე არ ჩამორჩა, ვინც მუნდიალებზე განსაკუთრებული შედეგიანობით გამოირჩევა; ამასობაში, ერლინგ ჰოლანდი ამ მარაქაში დიდებულად გაერია და მეტოქეებს შიშის ზარს სცემს; რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც მეექვსე მუნდიალზე გაიტანა; თავისი თამასა ვინისიუსსაც უჭირავს, ბოლო ამოვარდნის მიუხედავად, ამ რბოლას ჰარი კეინი აუცილებლად შეუერთდება და პლეი-ოფში ყველაფერი ახალი ძალით გაგრძელდება.
პლეი-ოფი
გერმანიის ნაკრებმა თითქოს ცოტა ხანი დაფიქრდა, უღირდა თუ არა ბრძოლა პირველი ადგილისთვის, მომავალი ბადიდან გამომდინარე, საბოლოოდ კი მაინც გადაწყვიტა, გაემარჯვა. შესაძლო მეტოქეების არჩევა თითქოს ყოველთვის ხდება და უმეტეს შემთხვევაში, კარგად არ მთავრდება.
თუკი საფრანგეთის ნაკრები ნორვეგიასთან ბოლო ტურში არ წააგებს, პირველზე გავა და მერვედფინალში გერმანიასთან გადაკვეთა ელის(ჯერ 1/16-ფინალს უნდა გაიარონ). ესპანეთის ნაკრებს პირველ ადგილზე განვიხილავთ, შესაბამისად ფინალამდე ისიც მათ გზაზეა, ამიტომაც იქნებ ფრანგებს ერჩივნოთ კიდეც, ამ მხარეს ნორვეგიელები “შემოუშვან.”
ბადის ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესოა, ჯგუფში როგორ გადანაწილდებიან ბრაზილია და მაროკო, ასევე ნიდერლანდები და იაპონია. პლეი-ოფში ეს საკმაოდ დიდ განსხვავებას იძლევა.
ბადის მეორე მხარიდან რაც ვიცით, არგენტინისა და დიდი ალბათობით, ინგლისის ნაკრებები აქ მთავარ ამინდს შექმნიან. თუკი პორტუგალიას პირველობა და უფრო იოლი გზა სურს, კოლუმბია უნდა დაამარცხოს.
საინტერესო მესამე ტურს ველით -პლეი-ოფამდე!თეგები:ლიონელ მესიკრიშტიანო რონალდოპორტუგალიის ნაკრებიესპანეთის ნაკრებიინგლისის ნაკრებიბრაზილიის ნაკრებიარგენტინის ნაკრები(2) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ