მდინარაძე სუს-ს ვიდეოს გამოქვეყნებას სთხოვს — კადრებში ჩანდეს, როგორ იღებდა უძილაური დირექტივებს
სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) მოუწოდა, „უახლოეს საათებში” გამოაქვეყნოს ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ეხება.
„ვთხოვ, რომ გამოქვეყნდეს: პირველი — როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს; მეორე — როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას; მესამე — როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს. ეს სამი ეპიზოდი ნათლად ადასტურებს ბრალდების საფუძვლიანობას,” — განაცხადა მდინარაძემ.
მინისტრმა ახსნა, რომ საქმის სხვა ნაწილი კვლავ კლასიფიცირებული დარჩება, რადგან მისი გასაჯაროება გამოძიებას ზიანს მიაყენებდა. „ერთ ადამიანსაც კი არ უნდა მიეცეს სპეკულაციის საშუალება,” — დასძინა მდინარაძემ.
სუს-ი ამბობს, რომ უძილაური „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ სისტემატურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.” ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო ადრე — „ქართუ ჯგუფის” PR სამსახურის ხელმძღვანელი.