მდინარაძე: სამხარაძეს მეგობრულად ვესაუბრე, პრევენციას კანონი, არა პირადი ემოციები, უზრუნველყოფს
„ქართული ოცნების” გენერალური მდივანი მამუკა მდინარაძე „პირველების” ჟურნალისტს განუმარტა, რომ დეპუტატ დიტო სამხარაძეს სოციალური ქსელებში შეურაცხმყოფელი სტატუსების გამო „მეგობრულად, თანამშრომლურად” ესაუბრა.
„თქვენ რა იცით, რომ სამხარაძეს მეგობრულად, თანამშრომლურად, თანაგუნდელობის ეგიდით, მანამდეც არ ვესაუბრებოდი, ამ თემაზე” — ასე უპასუხა მდინარაძემ კითხვას: გააფრთხილებდა თუ არა სამხარაძეს, ასეთი სტატუსების წერა შეეწყვიტა.
მდინარაძის პოზიციით, ასეთი ქცევის პრევენციას კანონი, და არა პოლიტიკოსების პირადი ჩარევა, უნდა უზრუნველყოფდეს.
„კანონის შიში თუ პატივისცემა — ეს ორი ფაქტორია, რაც პრევენციულ ეფექტს გამოიღებს. ამ შემთხვევაში სუბიექტური ვიქნებოდი, შეიძლება გავამართლო კიდეც, მაგრამ პრევენციას კანონი უზრუნველყოფს” — თქვა მდინარაძემ.
კომენტარი გაჟღერდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს ამოქმედების დღეს. ახალ სტრუქტურულ ერთეულს თამთა ქიმბარიშვილი ხელმძღვანელობს.