4 წელი მიჩქმალული იყო, როცა ინფორმაცია მივიღეთ, რეაგირება მოჰყვა – მდინარაძე კადრებზე
სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, ივანიშვილის სახელმწიფო მინისტრი, მამუკა მდინარაძე TV პირველის მიერ გავრცელებულ კადრებზე, რომელიც პოლიციაში წამებისა და არაადამიანურ მოპყრობას ასახავს, ამბობს, რომ ფაქტი 4 წლის განმავლობაში “მიჩქმალული იყო”. მისი თქმით, 2022 წელს დაზარალებულოებს შეტყობინება არ დაუფიქსირებიათ, “ამიტომ რეაგირება ბუნებრივია ვერ იქნებოდა, არავისთვის ეს ცნობილი არ იყო”. განცხადება მდინარაძემ სანქცირებული სამთავრობო TV იმედის ეთერში გააკეთა.
“რაც შეეხება ამ მართლაც საშინელ ფაქტს, მიმდინარე წლის თებერვალში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად 4 დღის განმავლობაში სამართალდამცავმა სისტემამ მოახერხა ძალიან მცირე ინფორმაციიდან გასულიყო ბოლომდე და 3-4 დღის განმავლობაში შედეგი დადებულიყო და დაკავებული ყოფილიყვნენ მოძალადე პოლიციელები. 19 თუ 20 თებერვალს, გენერალურმა ინსპექციამ, ჩვენმა სამსახურმაც მაშინ - სუს-მა, მიიღეს ინფორმაციები, რომ 4 წლით ადრე ჰქონდა დანაშაულებრივ ფაქტს ადგილი, საზარელ ფაქტს, როგორც ხედავთ კადრებში და ამის შესახებ არცერთი შეტყობინება, არცერთი ინფორმაცია არ იყო არსად.
შეტყობინება 2022 წელს, როცა ეს დანაშაული მოხდა, არ იყო დაფიქსირებული არსად, არც დაზარალაებულებს მიუმართავთ არავისთვის და 4 წლის განმავლობაში ეს იყო მიჩქმალული ფაქტი, ამიტომ რეაგირება ბუნებრივია ვერ იქნებოდა, არავისთვის ეს ცნობილი არ იყო, მაგრამ იმის გამო, რომ გადაღებული კადრები 1-2 ადამიანთან მოხვდა, ისევ თავის წრეში დაატრიალეს, ასე ვთქვათ, ამის შესახებ მიღებული იყო ინფორმაცია და ამაზე იყო მყისიერი რეაგირება” - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, “როგორც მან იცის, შეიძლება ცდებოდეს” TV პირველს კადრები აქამდეც ჰქონდათ და “დღეს და გუშინ რას ელოდებოდნენ, არ იცის”.
მდინარაძე ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობას სისტემური სახე არ აქვს - “ ვერც მე მივცემ მოსახლეობას გარანტიას, რომ ხვალ პოლიციელი რაღაც დანაშაულს არ ჩაიდენს, 45 000 ადამიანიდან რომელიმე, მაგრამ გარანტიას მივცემთ იმისას, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება ვერცერთი”.
“რეალურად გახსნილ საქმეზე, რომელიც 4 წლის მერე გაიხსნა, აბსოლუტურად მიჩქმალული საქმე, არავინ რომ არ იცოდა და რომ არ გახსნილიყო ვერც ამ კადრებს ვერ ნახავდა ვერავინ, ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ. რა თქმა უდნა, სისტემურობაზე ილაპარაკებენ ბუნებრივი ამბავია, მაგრამ ერთი რამე შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, ხვალაც შეიძლება დანაშაული მოხდეს, 45 000 ადამიანში ვიღაცამ შეიძლება შეარცხვინოს კვლავ პოლიციელის მუნდირი, ამის გარანტიას ვერავინ ვერ მისცემს ვერავის, ვერც მე მივცემ მოსახლეობას გარანტიას, რომ ხვალ პოლიციელი რაღაც დანაშაულს არ ჩაიდენს, 45 000 ადამიანიდან რომელიმე, მაგრამ გარანტიას მივცემთ იმისას, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება ვერცერთი. […]
მე მიკვირს იმ ხალხის, რომელიც საერთოდ არაფერს ამბობს იმაზე, რომ მაგალითად დანიის ფაქტი იყო, საფრანგეთის ფაქტები იყო, დიდი ბრიტანეთის ფაქტები იყო, იქ რომ სცემენ ქუჩაში, კამერების წინ რომ ამას აკეთებენ და დღემდე ერთი ადამიანიც კი არ არის ამ ფაქტებზე დასჯილი, ის არავის აწუხებს, იმაზე არავინ საუბრობს, იქ დემოკრატიულად სცემენ როგორც ჩანს და ჩვენთან დასჯიილი ადამიანი, 4 წლის შემდეგ გახსნილი საქმე და ამას ცდილობენ რომ დაატრიალონ და სისტემურად წარმოაჩინონ ეს ამბავი. ვერც სისტემურობა იქნება, ვერც ძალადობა იქნება იქიდან გამომდინარე, რომ პრევენციას ყოველთვის მოვახდენთ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ცოდვა გამხელილი ჯობია, რაღაცებს ვერ ვახერხებდით ჩვენ წლების განმავლობაში ისე, როგორც დღეს ეს შეგვიძლია”. - თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა. ჟურნალისტის ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა დანაშაული 2022 წელს ჩაიდინეს, სამივე პოლიციელი 2026-ში დააკავეს - შსს მელაძის ანონსზე