მდინარაძე: მთავრობა მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს
სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ 1 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი უკანონო ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს დგამს. კონკრეტული გამოწვევა — მესტიის მუნიციპალიტეტში გავრცელებული უკანონო კრიპტომაინინგი — ელექტრომომარაგების სისტემას კრიტიკულ დატვირთვას უქმნის.
2025 წელს მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარებამ 133 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა. შედარებისთვის: მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტების ენერგომოხმარება ჩვეულებრივ 10 მილიონ კილოვატ-საათს არ აღემატება. ეს განსხვავება ელექტროსისტემასა და მის ფინანსებს მინიმუმ 20–25 მილიონი ლარით აზიანებს, ხოლო დამატებითი ტვირთი ყოველი ქართველი გადამხდელის ანგარიშს ეკისრება — ყოველ გადახდაზე, საშუალოდ, ლარნახევრის სახით.
„საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგს მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია, დიდი ოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება კი მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის ენერგეტიკას, ადგილობრივ მოსახლეობასა და კერძო სექტორს,” — განაცხადა მდინარაძემ.
პრობლემის გადასაჭრელად მთავრობა მესტიაში გამრიცხველიანების პროგრამას იწყებს, რაც ადრე სხვადასხვა წინააღმდეგობის გამო ვერ ხორციელდებოდა. მდინარაძის განმარტებით, ელექტროენერგია სვანეთში ყველა აბონენტისთვის განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში კვლავ უფასო დარჩება, ლიმიტზე მეტი მოხმარება კი გარკვეული ტარიფით დაიბეგრება.
გამრიცხველიანება გათვალისწინებულია არა მხოლოდ ცალკეული სახლების, არამედ სოფლებისა და დასახლებული პუნქტების მასშტაბითაც, რაც პრობლემის კონკრეტული კერების გამოვლენის საშუალებას მოგვცემს. სამართალდამცველებს დაევალათ ამ პროცესის ხელშეწყობა, კონტროლი და უკანონო ენერგომოხმარების გამოვლენა.
„ყველას მოვუწოდებ, პატივი სცეს ამ პროცესს. ნებისმიერ ხელშეშლასა და სამართალდარღვევას მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება,” — დასძინა მდინარაძემ.