← მთავარი
საზოგადოება

მდინარაძის თქმით, ეცდებიან სახის ამომცნობი კამერები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააყენონ

1 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
მდინარაძის თქმით, ეცდებიან სახის ამომცნობი კამერები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააყენონ

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ “დიდი სისულელე ჰგონია”, თითქოს სახის ამომცნობ კამერებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსკოვში ყიდულობს.

მდინარაძეს შეკითხვა დაუსვეს Algorithmwatch-ის გამოძიებაზე დაყრდნობით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციების წინააღმდეგ გამოყენებულ სახის ამომცნობ სისტემას ყიდულობს სანქცირებული რუსული კომპანიისგან, რომელსაც რუსეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობის ვალდებულება აქვს.

“სახის ამომცნობ კამერებს, დანაშაულის პრევენციის მიზნით, რუსთაველზე და ცენტრალურ უბნებში კი არა, მთელს ქვეყანაში შევეცდებით რომ დავაყენოთ წლების განმავლობაში. მთელი მსოფლიო ასე მოქმედებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ანტიტერორისტული მიზნებიდან გამომდინარე. მათ შორის, დანაშაულის პრევენციის უპირატესი მიზნებიდან გამომდინარე. შევეცდებით, რომ საჯარო სივრცეში მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაყენოთ, არა მხოლოდ ცენტრალურ უბნებში”, - უპასუხა მდინარაძემ.

ასევე ნახეთ

სათვალთვალო კამერებზე ჩვენ გარშემო იმაზე ნაკლები ვიცით, ვიდრე საჭიროა

მისი სიტყვებით, თანამდებობაზე ყოფნის დროს ყველა შესყიდვას ის აწერს ხელს და “არათუ მოსკოვი და რუსეთის რომელიმე ქალაქი, რუსეთთან დაკავშირებული რომელიმე ადგილიდან არანაირი შესყიდვა ჩემთან არ შემოსულა ხელმოსაწერად და სულხან თამაზაშვილი (შინაგან საქმეთა მინისტრი რ.თ.) ჩუმად არ იყიდის მოსკოვიდან რაღაც კამერებს, გამორიცხული ამბავია. ნუ გელანდებათ და გეჩვენებათ ყველგან რუსეთი!“- თქვა მდინარაძემ.

ასევე ნახეთ

როცა ჯარიმაა გამოსაწერი ხედავენ, როცა პოლიციელის დანაშაულია დასამტკიცებელი, ვერა - ნახეთ, სად დაამატეს ახალი “ჭკვიანი კამერები”

ასევე ნახეთ

როგორ იყენებს ქართული პოლიცია რუსულ პროგრამებს და საექსპერტიზო ტექნიკას

Algorithmwatch-ი გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანის უფლებებსა და სამართლიანობასთან ხელოვნური ინტელექტისა და ალგორითმების შესაბამისობის საკითხზე მუშაობს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების მიხედვით, 2013 წლიდან საქართველოს შსს სახის ამომცნობ სისტემას რუსული კომპანია Papillon AO-სგან ყიდულობს. ორგანიზაციის მიხედვით, Pappilon AO დასანქცირებულია უკრაინის, შვეიცარიის, იაპონიისა და აშშ-ის მიერ, მის პროდუქტებს ძირითადად რუსეთი და მისი მოკავშირე სახელმწიფოები იყენებენ და მას, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულება აქვს, ითანამშრომლოს რუსეთის უშიშროების სამსახურთან (FSB-სთან).

საია წერს, რომ ორგანიზაციის მიხედვით, სათვალთვალო სისტემა ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში ხუთჯერ განახლდა და ბოლოს ლიცენზია 2024 წლის ოქტომბერში მიიღო. შსს-ს მიერ შეძენილი უახლესი განახლება, Polyface 3.7.0, 2025 წლის ივნისის დასაწყისში მიეწოდა სამინისტროს. Polyface ეფუძნება ამოცნობის ღრმა სწავლების ალგორითმს (deep learning recognition algorithm), რომელიც შეიმუშავა ნოვოსიბირსკში დაფუძნებულმა და რუსეთის სახელმწიფო ვენჩურული ფონდის მიერ დაფინანსებულმა ხელოვნური ინტელექტის რუსულმა კომპანია 3DiVi-მ.

← მთავარი