[მსოფლიო თასი 2026] კილიან მბაპე: "მზად ვარ, აქედან უგოლოდ წავიდე, ოღონდ, ჩემპიონები გავხდეთ"
კილიან მბაპემ ჟურნალისტებთან საფრანგეთის ნაკრების ამბიციებსა და პირად პასუხიმგებლობაზე ილაპარაკა. მისი თქმით, თუ ფეხბურთელებს სურთ, ისტორიაში შევიდნენ, ისინი მზად უნდა იყვნენ 60-დღიანი ტანჯვისთვის: “მსოფლიოს წინა ორ ჩემპიონატზე, რომელიც მეც ვმონაწილეობდი, იყო მომენტები, როცა თავი სოციალურად გარიყული მეგონა. ამ დროს შენ იზოლირებული ხარ 60 დღით, რომელიც მოიცავს მოსამზადებელ ეტაპს და თავად ტურნირს. მაგრამ თუ გვინდა, რომ ისტორიაში შევიდეთ, მაშინ ამ ტანჯვას უნდა გავუძლოთ. ეს არ არის ადვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა აქ ითამაშებდა… 2018 წელს ჩვენ შევედით ისტორიაში, ოთხი წლის შემდეგ ცოტა დაგვაკლდა, რომ კიდევ ერთი ტრიუმფი გვეზეიმა. ამიტომ, საფრანგეთის ნაკრებმა უკვე იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს. აქ ყველა ნაკრები ისტორიის დასაწერად არის ჩამოსული, მაგრამ არცერთი არ უნდა იყოს ჩვენზე მშიერი”, - ამბობს 27 წლის ფორვარდი და შემდეგ გუნდში თავის პერსონალურ როლზე საუბრობს: “უკვე იმდენად გამოცდილი ფეხბურთელი ვარ, სიამოვნებას მანიჭებს, ვუხელმძღვანელო გუნდს მოედანზე. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ თანაგუნდელებს თამაში უნდა ვასწავლო, ეს დიდი შეცდომა იქნებოდა, აქ ვგულისხმობ ემოციურ მხარეს - როცა მთელი მსოფლიო ჩუმდება და შემოგცქერის, ვალდებული ხარ, გაუძლო ამ წნეხს. გუნდი ადამიანთა დიდი ჯგუფის მუშაობით იქმნება და ამას კარგი ხელმძღვანელობა უნდა. ჩვენ ვართ ფავორიტები, აქ დიდი ამბიციით ჩამოვედით, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ შეიძლება, ერთი გოლი გავუშვათ და შინ გამგზავრება მოგვიწიოს. ამიტომ, ყველაფერი კარგად უნდა ვაკონტროლოთ. მე პირადად, მზად ვარ, აქედან უგოლოდ წავიდე, ოღონდ, საფრანგეთის ნაკრები ჩემპიონი გახდეს. ჩვენ ისტორიის წერა არ დაგვისრულებია”, - თქვა “სამფეროვანთა” ლიდერმა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები I ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები არიან სენეგალი, ნორვეგია და ერაყი. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები პირველ მატჩს 16 ივნისს, 23 საათზე, სენეგალელებთან გამართავენ.