საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალგაზრდა გამთამაშებელი მათე ხატიაშვილი კარიერას აშშ-ში გააგრძელებს. 17 წლის კალათბურთელმა, კარიერული წინსვლისთვის, ესპანური “ბასკონიას” დატოვებისა და ამერიკაში გადაბარგების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო, ახალ სეზონს SoCal-ის აკადემიაში დაიწყებს - ცენტრში, რომელიც ახალგაზრდა კალათბურთელებს აშშ-ის კოლეჯების ლიგისთვის (NCAA) ამზადებს.
“ბასკონიადან” მათეს წასვლის შესახებ კლუბის სინანულით წერს ესპანური მედია.
“ბასკონიაში” შეგუებულები იყვნენ ახალგაზრდა მოთამაშის, მათე ხატიაშვილის ამერიკაში შესაძლო გადაბარგებას, თუმცა, მაინც იყო პატარა იმედი, რომ მოხერხდებოდა კლუბის აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელის შენარჩუნება, რომელიც NCAA-ში გადასვლაზე ფიქრობდა.
მაგრამ ეს შესაძლებლობა გაქრა. მისი წასვლა რეალობა აღმოჩნდა, ბასკონიამ კი კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი დაკარგა.
ქართველმა გამთამაშებელმაც, რომელიც 2008 წელს დაბადებულთა თაობაში, თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, ამერიკული ოცნების ახდენა გადაწყვიტა და ბასკონიაში აღარ ითამაშებს. მათე ხატიაშვილი ლოს ანჯელესის SoCal Academy-ს 2027 წლის გუნდს შეუერთდება და დაადგება გზას, რომელიც სტუდენტურ კალათბურთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა.
ამრიგად, ხატიაშვილი ტოვებს “ბასკონიას”, მიუხედავად იმისა, რომ ვიტორია-გასტეისის კლუბს ძალიან იყო დაინტერესებული მისი კიდევ ერთი სეზონით შენარჩუნებით. ქართველმა გამთამაშებელმა ამერიკულ კალათბურთში წასვლა და სამხრეთ კალიფორნიის პრესტიჟულ პროგრამაში ჩართვა ამჯობინა, სადაც გააგრძელებს განვითარებას.
“ბასკონიას” სპორტული დირექტორი ფელიქს ფერნანდესი დიდი ხანია საუბრობს იმ სირთულეზე, რომელიც კლუბს ხატიაშვილისა და მისი მსგავსი ტალანტების შენარჩუნებაში ხელს უშლის. NCAA-იდან მზარდი ინმტერესი და არსებული წესი სულ უფრო აძნელებს ვიტორია-გასტეისში ახალგაზრდების შეკავებას.
“მოქმედი კონტრაქტის მიუხედავად, არასრულწლოვან მოთამაშეს არ სჭირდება ნებართვა უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის და კლუბსაც არაფრის გაკეთება შეუძლია”, - თქვა ფერნანდესმა, რომელსაც მხედველობაში ხატიაშვილის შემთხვევა ჰქონდა”, - წერს Solobasket.
მათე ხატიაშვილი “ბასკონიაში” 2023 წლიდან გამოდიოდა, გასულ სეზონში კი მისი მთავარი გუნდის მაისურით ლიგა ენდესას 2 მატჩშიც ითამაშა. ამას გარდა, მათე განაცხადში ევროლიგის მატჩშიც მოხვდა. პერსპექტიულ კალათბურთელს, რომელსაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მუდმივად იწვევდნენ, ეროვნულ გუნდში დებიუტი შარშან ნოემბერში, უკრაინასთან მატჩში ჰქონდა. მის შემდეგ ხატიაშვილმა ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდში კიდევ სამ შეხვედრაში ითამაშა.