მარტინესი წავიდა, პორტუგალიას ჟორჟე ჟეზუსი ჩაიბარებს | Lelo.Ge
როგორც კი დასრულდა ესპანეთთან მერვედფინალური მატჩი და პორტუგალიის ნაკრები დაემშვიდობა მუნდიალს, თანამდებობიდან გადადგა ამ გუნდის ესპანელი დამრიგებელი, რობერტო მარტინესი.
ეს ისედაც ცნობილი იყო - ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ გაცხადდა, რომ მარტინესი, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, დატოვებდა თანამდებობას…
“ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. მხოლოდ ეს იყო, რომ ბოლო მესამედში, დამაგვირგვინებელ ფაზაში არ გაგვიმართლა. ჩემი კონტრაქტი დღეს იწურება პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან და ეს იყო ბოლო მატჩი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთელებს. ესპანეთთან სრულიად თანაბარი თამაში გვქონდა. სამწუხაროდ, იღბალმა ზურგი გვაქცია”, - თქვა მარტინესმა.
პორტუგალიური სპორტული მედიის ცნობით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ეროვნულ გუნდს ჩაიბარებს 71 წლის სპეციალისტი, ჟორჟე ჟეზუში. ის ბოლოს საუდის არაბეთის “ალ ნასრში” მუშაობდა, სადაც კრიშტიანო რონალდოს წვრთნიდა. მან ცოტა ხნის წინ დატოვა ეს გუნდი და ახლა თავისუფალია.
ჟეზუში წარმატებით მუშაობდა წამყვან პორტუგალიურ კლუბებში - “ბენფიკაში”, “სპორტინგსა” და “ბრაგაში”. იყო ასევე ბრაზილიური “ფლამენგოსა” და თურქული “ფენერბაჰჩეს” დამრიგებელი.