შსს: დააკავეს პირი, რომელმაც თანასკოლელს დაშინებით ₾1 350 და ₾10 000-ის ოქროს სამკაული გამოსძალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულში დააკავეს პირი, რომელმაც თანასკოლელს დაშინებით 1 350 ლარი და 10 000 ლარის ოქროს სამკაული გამოსძალა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანასკოლელს 2025 წლის სექტემბრიდან, დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით სისტემატიურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას. ასევე, დგინდება, რომ აღნიშნულმა მოსწავლემ დაკავებულს სხვადასხვა დროს 1 350 ლარი და 10 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გადასცა.სამართალდამცველებმა საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს,” — წერს უწყება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.