[მეტოქე] მარკო როსი: "საქართველოსთან მატჩის წინ პირობას ვდებ..." | Lelo.Ge
უნგრეთის ნაკრების იტალიელმა დამრიგებელმა, მარკო როსიმ, გუნდში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი უახლოესი მეტოქე ერთა ლიგაზე ჯერ უკრაინასთან საშინაო შეხვედრაში დამარცხდა (0:1), მერე კი გასვლაზე დაუზავდა ჩრდილოეთ ირლანდიის უპირველეს გუნდს და ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც საქართველოს ნაკრები:
“დავიწყებ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით. მეტოქეს არ მივეცით ბევრი საგოლე შანსის შექმნის საშუალება, მაგრამ ჩვენც დავუშვით რამდენიმე შეცდომა. ყველაზე საგანგაშო იყო შეცდომები ბურთის ფლობის დროს. ამასთან, ერთად შეტევაში ვერ გადავდიოდით ისე სწრაფად, როგორც სასურველი იყო.
მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ. სტატისტიკაც გვემოწმება, რომ უნგრეთის ნაკრები უკეთესი იყო. გატანაც შეგვეძლო, მაგრამ ვერ შევძელით. არ ველოდი უგოლო მატჩს, მაგრამ ახლა მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ მომდევნო თამაშებისთვის მოვემზადოთ.
ფეხბურთელების მიმართ არ მაქვს პრეტენზია. მათ წარმატებისთვის ყველაფერი იღონეს, მაგრამ მეორეს მხრივ შედეგი ნამდვილად შემაშფოთებელია. ჩემი იმედგაცრუების მთავარი საფუძველი კი ის არის, რომ რაც ერთა ლიგა დაიწყო, გოლი არ გაგვიტანია. ეს ცუდ განწყობაზე მაყენებს. დიდი იმედი მაქვს, გულშემატკივრები ჩვენზე გულს არ აიცრუებენ.
პირობას ვდებ, საქართველოსთან მატჩში მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ. პარასკევის თამაში რთული იქნება, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავს. ამას ემატება ის სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩნდით”, - თქვა როსიმ.