მარკ რიუტე: საჭიროა, ჩვენი ეკონომიკური ძლიერება ითარგმნოს სამხედრო შესაძლებლობებში
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე ანკარის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას შეეხო ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვით ხარჯებს და განაცხადა, რომ საჭიროა ეკონომიკური ძლიერების სამხედრო შესაძლებლობებში თარგმნა.
მან მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს და აღფრთოვანება გამოხატა თურქების მასპინძლობით. რიუტემ აღნიშნა, რომ მოკავშირეები ხვდებიან ანკარის სამიტს მკაფიო პროგრესით გასული წლის ჰააგის სამიტის დაპირებების შესრულების მხრივ. მან შეახსენა, რომ მოკავშირეებმა დადეს დაპირება 2035 წლამდე თავდაცვაში ინვესტიციების მშპ-ს 5%-მდე გაზრდაზე და ერთ წელიწადში უკვე შეინიშნება ტრანსფორმაციული პროგრესი. რიუტე ელის, რომ სახელმწიფოები წარმოადგენენ 5%-იანი მიზნის მიღწევის მკაფიო, კონკრეტულ და სარწმუნო გეგმებს. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპელი მოკავშირეები და კანადა თავდაცვასა და უსაფრთხოებაში უკვე დებენ თავიანთი მშპ-ს 4%-მდე.
გენერალურმა მდივანმა დააზუსტა, რომ ხარჯების ზრდა მოიცავს არა მხოლოდ უშუალოდ თავდაცვაში ინვესტირებას, არამედ თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინვესტიციებსაც. მისი თქმით, ევროპელმა მოკავშირემ და კანადამ გასულ წელს თითქმის 20%-ით მეტი დახარჯეს თავდაცვის სფეროში, ვიდრე ერთი წლის წინ. 2025 და 2026 წლებში ერთობლივად ლაპარაკია 258 მილიარდი დოლარით მეტ ინვესტიციაზე.
მარკ რიუტემ განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნების მიერ „არასაკმარისად ხარჯვის“ წლების შემდეგ, იქმნება რეალური შესაძლებლობები და ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის მიზანია აშშ-ის ხარჯებს გაუთანაბრონ თავიანთი თავდაცვითი ხარჯები. ისინი სულ უფრო მეტად იღებენ ხელმძღვანელ ფუნქციებს ნატოს სამეთაურო და მაკონტროლებელ სტრუქტურებში, აძლიერებენ კონვენციურ თავდაცვას და ხელმძღვანელობენ უკრაინის მხარდაჭერას.
რიუტეს მიაჩნია, რომ ეს დინამიკა არის აზროვნების რეალური ცვლილების მტკიცებულება: „უფრო ძლიერი ევროპა უფრო ძლიერ ნატოში“. მან განმარტა, რომ მოკავშირეების ძლიერი ეკონომიკური შესაძლებლობები უნდა აისახოს მათ თავდაცვით შესაძლებლობებზე. „ინვესტიციები არის. ახლა საჭიროა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ეკონომიკური ძლიერება სამხედრო შესაძლებლობებში ითარგმნოს. ფული უნდა ჩაიდოს საქმეში. თავდაცვითი გეგმებიდან საჭიროა გადავიდეთ დრონებზე, ფულიდან გადავიდეთ რაკეტებსა და გადამტაცებზე“, - განაცხადა მან.
7 ივლისს დაგეგმილია „ნატოს თავდაცვის მრეწველობის ფორუმი“, სადაც გამოცხადდება ათობით მილიარდი დოლარის ახალი კონტრაქტები, რაც გააუმჯობესებს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს. რიუტეს თქმით, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკების ზრდას, ინოვაციების გავრცელებას და ასობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნას ატლანტიკის ორივე მხარეს.
მარკ რიუტეს სიტყვებით, ალიანსი ინვესტიციას დებს საკუთარ უსაფრთხოებაში, რათა უზრუნველყოს ის, რაც დღეს და ხვალ სჭირდება საზოგადოებების დასაცავად, ვინაიდან საფრთხეები რეალურია, მათ შორის რუსეთიდან, რომელიც განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ ომს.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა უკრაინის წარმატება ბრძოლის ველზე და ხაზი გაუსვა უკრაინისთვის დახმარების უწყვეტობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მისი თქმით, უკრაინა ცვლის დინამიკას ბრძოლის ველზე, თუმცა მათ სჭირდებათ განგრძობადი მხარდაჭერა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის კუთხით. რიუტემ მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველა მოკავშირემ უნდა შეიტანოს წვლილი უკრაინის მხარდაჭერის უწყვეტობაში, ვინაიდან უკრაინის უსაფრთხოება მჭიდროდ უკავშირდება ნატოს უსაფრთხოებას.
7 ივლისს მედიისთვის მოკლე განცხადებებს გააკეთებენ ნატოს გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი. სამშაბათსვე გაიმართება ნატო-უკრაინის საბჭო საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
„ერთად ჩვენ წარმოვადგენთ მსოფლიო ეკონომიკის თითქმის ორ მესამედს და ჩვენ ვერთიანდებით, რადგან ვიცით - თანამშრომლობა გადამწყვეტია. ერთად უფრო ძლიერები ვართ - ნატოში, პარტნიორებთან ერთად, რომ უზრუნველვყოთ თავისუფლება და უსაფრთხოება, რაც ასე ძვირფასია ყველა ჩვენგანისთვის“, - განაცხადა სამიტამდელ ბრიფინგზე მარკ რიუტემ.
ნატოს სამიტი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების დონეზე, გაიმართება 8 ივლისს. სამიტის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხებია უკრაინისთვის დახმარების გაზრდა და ევროპელი მოკავშირეების თავდაცვის გაძლიერება, თავდაცვით ინდუსტრიაში მეტი ინვესტიციების ჩადების გზით. სამიტამდე, ნატოს გენერალური მდივანი ალიანსის ქვეყნების არაერთ დედაქალაქს ეწვია და ლიდერებთან შეხვედრები გამართა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც კვლავაც კრიტიკულია ალიანსის თავდაცვითი ხარჯების განაწილების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, ანკარაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება.