← მთავარი
პოლიტიკა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

9 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 9 ივნისს განაცხადა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სუს-მა, ჩვეულებისამებრ, პირის ვინაობა არ გაამხილა, თუმცა ოკუპირებული ცხინვალის სინფორმაციო სააგენტო „რეს” ამბობს, რომ საქმე 48 წლის მამუკა ბაღაურს ეხება, რომელიც 6 ივნისს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის” ბრალდებით დააკავეს.

გათავისუფლების პროცესში, სუს-ის ინფორმაციით, „აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის” მექანიზმი.” ხელისუფლება ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „განაგრძობს მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ პატიმრობაში მყოფი ყველა ქართველის გასათავისუფლებლად.”

← მთავარი