“ლოს ანჯელეს ლეიკერსი” ახალ, 2026/27 წლების სეზონს იწყებს. სასტარტო ხუთეულის სამი პოზიცია ახლავე შეგვიძლია გითხრათ - ლუკა დონჩიჩი და ოსტინ რივზი უკანა ხაზში და უოკერ კესლერი ცენტრის პოზიციაზე ხელშეუხებლები არიან. უმრავლესობის აზრით, კიდევ ერთი სტარტერი კვენტინ გრაიმსი იქნება. აი, მეხუთე პოზიცია (კიდევ ერთი ფორვარდის) კი “ღიაა”, მისთვის ბრძოლაა საჭირო და ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სანდრო მამუკელაშვილია, “ლეიკერსის” ახალწვეული.
სანამ მამუ სანაკრებო მატჩებში საქართველოს ეროვნულ გუნდს ეხმარებოდა, Lakers Nation-მა აზრი თავად ლეიკერსის ფანებს ჰკითხა: მათი აზრით, ვინ უნდა იყოს მეხუთე სასტარტო გუნდში, სანდრო, ზაირ უილიამსი, ჯეიკ ლარავია თუ მატის ტიბული. ხმები გაიყო, თუმცა მაინც ფანების სიმპათია ქართველი კალათბურთელისკენ გადაიხარა - 39%-ს მიაჩნია, რომ “ლეიკერსის” სასტარტოში სწორედ მამუ უნდა იყოს. უილიამსმა 24% მიიღო, ხოლო ტიბულმა - 23%.
“ალბათ, იოლი მისახვედრია, რატომ სურთ ფანებს მამუ. ის ამ ჯგუფში ყველაზე კარგი შემტევია. მას შეუძლია თავად შექმნას მომენტი, კარგად შეეწყოს პლეიმეიქერს და ხანდახან, თავადაც შეითავსოს ეს ფუნქცია. მაგრამ მამუკელაშვილს გარკვეული ნაკლოვანებებიც აქვს, განსაკუთრებით დაცვაში თამაშში. უფრო “დიდ” ფრთებთან, მას გაუჭირდება. ამ შემთხვევაში, უილიამსის, ტიბულის ან თუნდაც ადუ ტიეროს ჩასმა დაცვისთვის უფრო მომგენიანი შეიძლება იყოს. თუმცა არცერთ მათგანს არ შეუძლია შეტევაში იმ მრავალფეროვნების შემოთავაზება, რაც მამუს გამოსდის. დონჩიჩი და რივსი ამ პოზიციისთვის ბევრ თავისუფლად სასროლ სამქულიანს შექმნიან, აქ კი მამუ ძალიან ძლიერია. ამავე დროს, შეტევაში ნაკლოვანებების დაბალანსება დაცვაში კარგ თამაშს შეუძლია”, - წერს Lakers Nation.