უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი მონაწილეობს
უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს მამა გაბრიელის (ურგებაძის) სახელობის ქვედანაყოფი, რომელსაც, „რია ნოვოსტის“ ცნობით, დახმარებას „ქართველი საზოგადო მოღვაწე“ ბესიკ დანელია უწევს.
რუსული მედიიდან ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ დონეცკში პრორუსულმა ჯგუფმა რუს ოკუპანტებს „ჰუმანიტარული დახმარება“ ჩაუტანა. პრორუსული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ბესიკ დანელიამ, კრემლის პროპაგანდისტულ მედია „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, რომ მათ რუსულ საოკუპაციო ძალებს — მათ შორის ე.წ. „წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფისა“ და „ნეველის ბრიგადის“ მებრძოლებს — მოტოციკლები და მობილური სალოცავი ოთახები გადასცეს.
დამპყრობელი ქვეყნის არმიის მხარდამჭერმა ბესიკ დანელიამ ოკუპანტებს, რომლებიც უკრაინული ქალაქების განადგურებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში მონაწილეობენ, „სამშობლოს დამცველები“ უწოდა:
„ჩამოვედით დონეცკის რესპუბლიკაში ჩვენს ძმებთან, რომლებიც ფრონტის ხაზზე იცავენ სამშობლოს. მებრძოლებს მოვუტანეთ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც, ვფიქრობთ, მათ დაეხმარება.“
დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ანდრეი კრამარმა დაადასტურა, რომ აღნიშნული ჯგუფი ღიად უჭერს მხარს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ:
„ჩვენთან ჩამოვიდა ჯგუფი, რომელმაც ტვირთი მოიტანა. ისინი ამას ღიად აკეთებენ და ამაყობენ, რომ მხარს გვჭერენ და მხარე აირჩიეს ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში.“
ბესიკ დანელია წარსულში ნინო ბურჯანაძის პარტია ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის წევრი იყო, გასულ წელს ის გამოიკითხა ე.წ წულუკიანის საგამოძიებო კომისიაში, სადაც იმ დანაშაულებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ჩაიდინა.