← მთავარი
საზოგადოება

30 წლის სასულიერო პირი, რომელიც სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა — ვინ არის მამა ირინეოსი

11 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
30 წლის სასულიერო პირი, რომელიც სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა — ვინ არის მამა ირინეოსი

მღვდელმონაზონი ირინეოს შენგელია სამების ტაძარში გადაღებული ფოტოს გავრცელების შემდეგ სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა. ფოტო პატრიარქის საარჩევნო კრებაზე გადაიღეს — ირინეოსი იქ დელეგატი იყო.

1996 წელს დაბადებული სასულიერო პირის ბიოგრაფიამ ინტერნეტ-მომხმარებლები გააოცა. მის შესახებ დედა სიდონია ასე წერს:

„2014 წელს წარჩინებით დაასრულა ქ. თბილისის №99 საჯარო სკოლა. 2016 წელს ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიკვეცა მონაზვნად. 2017–2018 წლებში ათონის წმინდა მთაზე, წმინდა პავლეს მონასტერში მოღვაწეობდა. 2019–2022 წლებში სწავლობდა თესალონიკის უმაღლეს საეკლესიო აკადემიაში. 2022–2023 წლებში ჟენევის უნივერსიტეტთან არსებულ Bossey Ecumenical Institute-ში გაიარა ფორმაციული კურსი. ასევე ამ წლებში ათენის უმაღლეს საეკლესიო აკადემიაში უმაღლესი შეფასებით დაიცვა სადიპლომო ნაშრომი თემაზე: „XVI საუკუნის რელიგიური რეფორმაცია: პროტესტანტული თეოლოგიის საწყისები”. 2025 წლის 14 იანვარს ბოსტონის Holy Cross School of Theology-ში ჩაირიცხა გაძლიერებულ მაგისტრატურაზე (ThM) — ამერიკის ბერძნული სამთავარეპისკოპოსოს სტიპენდიით, 100%-იანი დაფინანსებით.”

ირინეოსს ეკუთვნის რამდენიმე საღვთისმეტყველო ნაშრომი ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა მიუღია გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, ისრაელში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. ფლობს ქართულ (მშობლიური), ბერძნულ, ძველბერძნულ და ინგლისურ ენებს.

პატრიარქის არჩევის შემდეგ ირინეოსმა Facebook-ზე გამოაქვეყნა: „დღეს მე ვიყავი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-14 გაფართოებული საეკლესიო კრების მონაწილე დელეგატი — კრებისა, რომელმაც ივერიის უძველესი ეკლესიის საყდარზე მიტროპოლიტ შიოს კათალიკოზად არჩევა დაადასტურა. გულწრფელად გისურვებთ, თქვენი პატრიარქობა იქცეს მშვიდობის, მოწყალების, შერიგებისა და ერთობის განმტკიცების პლატფორმად. ჩემი თაობის სასულიერო პირები, რომლებმაც განათლება დასავლეთში მივიღეთ და უანგაროდ ვემსახურებით ქრისტეს ეკლესიას, გამოვთქვამთ იმედს, რომ თქვენ გამოიყენებთ ჩვენს რესურსს საქართველოს ეკლესიის კეთილდღეობისათვის.”

← მთავარი