პირველი კადრები „ზვიგენის გამოქვაბულიდან” — სად და როგორ დაიღუპნენ ხუთი იტალიელი მყვინთავი
მალდივების ვაავუს ატოლის თინვანა კანდუს „ზვიგენის გამოქვაბულში” ათი დღის წინ ხუთი გამოცდილი იტალიელი მყვინთავი დაიღუპა — ახლა გამოქვეყნდა პირველი ფოტოები ვიწრო წყალქვეშა გვირაბიდან, სადაც ცხედრები იპოვეს.

ფოტოები ფინურმა სამაშველო ჯგუფმა გადაიღო, რომელიც ცხედრების ამოყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა. დაღუპულებს შორის იყვნენ ცნობილი მყვინთავი და ინსტრუქტორი ჯანლუკა ბენედეტი, გენუის უნივერსიტეტის პროფესორი და ზღვის ბიოლოგი მონიკა მონტეფალკონე, მისი 20 წლის ქალიშვილი ჯორჯია სომაკალი, ასევე მურიელ ოდენინო და ფედერიკო გუალტიერი.
გამოძიების მიხედვით, ჯგუფი ნებადართულ 30-მეტრიან სიღრმეს გაცილებით გადასცდა — ცხედრები 59 მეტრზე იპოვეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გამოქვაბულის რთულ სისტემაში მიმართულება დაკარგეს: ერთ-ერთი ვერსიით, ჩიხში შემავალი გვირაბი გასასვლელად ეგონათ. ამ ადგილებში ტალახისა და ქვიშის მოძრაობა ხილვადობას თითქმის ნულამდე ამცირებს, პანიკა კი ჟანგბადის მოხმარებას მკვეთრად ზრდის.
სამაშველო ოპერაციის დროს კიდევ ერთი მყვინთავი — სამხედრო მაშველი მოჰამედ მაჰუდი — დეკომპრესიული დაავადებით გარდაიცვალა: ზედაპირზე ძალიან სწრაფად ამოვიდა.
იტალიელი გამომძიებლები კამერების ჩანაწერებს სწავლობენ და გაუფრთხილებლობით მკვლელობის ვერსიასაც განიხილავენ.