შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას შვილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
“კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა გურიის რეგიონში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით დააკავეს” - წერს შსს.
მერაბ მალანიას არასრულწლოვან შვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“კონკრეტული პირის” დაკავების შესახებ დღეს მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
“ერთ-ერთ პირზე იყო საუბარი იქ და ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და ინფორმაციულობის მაღალი დონე ამის ფონზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე ვერ საუბრობდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და ამ წუთებში, მე როგორც ვიცი და ჩემთვის როგორც ცნობილია, შეიძლება უკვე დაკავებულიც კი იყოს ის პირი, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში.
აბსოლუტურად გაგებით ვეკიდებით ყველა სიტყვას. დაზარალებულს, ყველაზე მეტის თქმის უფლება აქვს, მაგრამ ამავე დროს ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც, არა მხოლოდ ამ საქმის დაზარალებულს, როდესაც საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც.
დღეს, მე როგორც ვიცი, ამ ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკვე დაკავებულია კონკრეტული პირი, მაგრამ ეს თხოვნა და გაფრთხილება შეიძლება სხვა შემთხვევებშიც გამოგვადგეს. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დავასწრებთ მოვლენებს. დავაცადოთ საგამოძიებო ორგანოებს იმ მოქმედებების ლოგიკურ შედეგებამდე მიტანა, რა მოქმედებების შედეგიც უნდა იყოს პირის ბრალდება. ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული ემოციურ ფონზე“, - თქვა მდინარაძემ.
ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი აპრილში გამოკითხეს. მისი და კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ავალიანის ოჯახი რამდენიმე თვეა, ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ გიგა ავალიანის დედა ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმყოფებოდა - მან ეკატერინე ხვედელიძეს მხარდაჭერა სთხოვა. მეორე დღეს ხვედელიძემ უპასუხა და დაწერა, რომ ”გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი”.
ახალგაზრდა მასწავლებელს თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობას.
“დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო.
დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა” - წერდა პროკურატურა.
გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის, დ.ჩ.
ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით. 17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.
პროკურატურამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ 3 არასრულწლოვანს ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ედავებოდა ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს.
8 აპრილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვნის განაჩენი გამოცხადდა. ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი შეეფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად, მათ სასჯელის ვადა 1/4-ით შეუმცირდათ. კერძოდ, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ (არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით, მათ პატიმრობის ვადა 10 წელსა და 6 თვემდე შეუმცირდათ).
დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით კი, პატიმრობის ვადა 6 წელსა და 9 თვემდე შეუმცირდა. მოგვიანებით, 2 ივნისს, დემეტრე ჩიქოვანი მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამაც ცნო დამნაშავედ - გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისთვის. მას მაქსიმალური სასჯელი, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა კოდექსით, ჩიქოვანი ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს.
რაც შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ანა ნასყიდაშვილს, მას სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვანთა კოდექსით, ის ციხეში 5 წელსა და 3 თვეს გაატარებს.
ეკა კუპატაძემ იცის, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა – ავალიანის მოსწავლის დედა
გიგა ავალიანის საქმესა და გამოყოფილ საქმეებზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს ცრუ ჩვენებისთვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - ის ციხეში 3 წელს გაატარებს.
ამასთან, ავალიანის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე კიდევ ორი პირია დაკავებული და ელოდება განაჩენს. დემეტრე კასრაძეს და ირაკლი სულაბერიძეს ძალადობით ჯგუფურ მოქმედებას ედავებიან.