← მთავარი
პოლიტიკა

საქართველო განვითარებას აგრძელებს, ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის - მახაშვილი რეზოლუციაზე

25 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
საქართველო განვითარებას აგრძელებს, ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის - მახაშვილი რეზოლუციაზე

ივანიშვილის დეპუტატის, ლევან მახაშვილის შეფასებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი რეზოლუცია ტყუილებითაა გაჯერებული. 

“ეს არის მიხეილ სააკაშვილის მეგობრების ხმაური და მეტი არაფერი. კიდევ ერთხელ, იგივე ქსეროასლით გადაღებული ბრალდებები. ამიტომ ვამბობთ, რომ ამ მორიგ რეზოლუციაში არ არის არაფერი საინტერესო და ახალი, ან ისეთი საკითხი, რაზეც შეიძლება, ადამიანი დაფიქრდეს და ა.შ.

ეს არის უხეში ბრალდებებითა და ტყუილებით გაჟღერებული დოკუმენტი - ხმაური, რაზეც დაგვაბედეს, რომ ქვეყანამ წელიწადში 2-3-ჯერ უნდა გადაიაროს. მაგრამ, ამით არაფერი იცვლება. ქვეყანა თავის განვითარებას აგრძელებს. ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის”. - თქვა მახაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

24 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. 

რეზოლუციაში საუბარია პოლიტიკურ პატიმრებზე, რეპრესიულ კანონებზე, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების პოლიტიკურ დევნაზე და სხვა საკითხებზე.

← მთავარი