← მთავარი
სამართალი

მაია დარსმელიძე ნინო ჯღარკავას შეურაცხყოფისათვის დააჯარიმეს - დაიწყებს შსს ჯღარკავას ფეისბუკის შესწავლასაც?

10 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
მაია დარსმელიძე ნინო ჯღარკავას შეურაცხყოფისათვის დააჯარიმეს - დაიწყებს შსს ჯღარკავას ფეისბუკის შესწავლასაც?

მანამდე თითქმის ორი საათის განმავლობაში ცდილობდა ადვოკატი თეონა ზაქარაშვილი, დაერწმუნებინა მოსამართლე მანუჩარ ცაცუა, რომ პოსტი, რომლის გამოც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ედავებოდა მაია დარსმელიძეს, აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა და ეს იყო პროტესტი იმ კანონების მიმართ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიიღო და რომლებიც არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის კრიტიკის საგნადაა ქცეული და მათ რეპრესიულ კანონებს უწოდებენ.

10 ივლისს, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა, თეონა ზაქარაშვილმა მას მიმართა:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად შეაფასოს, რა არის მაია დარსმელიძის ქმედების ძირითადი მამოძრავებელი და არა ის, რომ ის ხულიგანია და ძალიან სიამოვნებს ლანძღვა-გინება“.

როგორც სხვა მსგავსი საქმეების შემთხვევაში, შსს-ს იურისტმა, მარიამ კერესელიძემ, ამჯერადაც განაცხადა სხდომაზე, რომ სამმართველომ შეაფასა, ხომ არ წარმოადგენდა მაია დარსმელიძის პოსტი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გამოთქმულ მოსაზრებას, თუმცა, იქვე დააყოლა, რომ - არა:

„თქვენ ალბათ გაეცანით და საჯაროდ არ განვაცხადებ იმ ბილწ სიტყვებს, რომლებიც პოსტებშია გამოყენებული. ჩვენ მივიჩნევთ, რომ აღნიშნული იძლევა კონკრეტული ქმედების სამართალდარღვევად შეფასების შესაძლებლობას და აღნიშნული ვერ იქნება გამოხატვის თავისუფლებით დაცული, ვინაიდან, ერთი მხრივ, რომ ეს შეურაცხმყოფელია ძალიან და ესეც შეიძლება იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლებით, მაგრამ მნიშვნელობა აქვს მიზანს, რა მიზანს ემსახურება, ეს საჯარო დისკუსიისკენ არის მიმართული თუ რაიმე სახელმწიფო ინტერესის საკითხთან არის დაკავშირებული, მაგრამ როდესაც კონკრეტული გამონათქვამის ერთადერთი მიზანი არის კონკრეტული პირის ღირსების შელახვა და არაფერი სხვა, მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნება კონკრეტული გამონათქვამი მიჩნეული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებულ მოსაზრებად“, - თქვა მარიამ კერესელიძემ.

რა მოხდა 2 ივნისს ფეისბუკში?

2 ივნისს, მაია დარსმელიძე ფეისბუქში, არანორმატიული ლექსიკის შემცველი პოსტით გამოეხმაურა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნას, რომელიც წინა დღეს, პირველი ივნისს ამოქმედდა.

ადვოკატის თქმით, მუსიკოსმა სწორედ ასე გააპროტესტა იმ სამმართველოს შექმნა, რომლის მიზანიცაა სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი პოსტებისა და კომენტარების გამოვლენა და სავარაუდო სამართალდამრღვევების საქმეების სასამართლოში გადაცემა.

რა ეწერა პოსტში: „შევიდა უჟე ეს ური კანონი ძალაში და ხედავ, ქოც? არ დავპოსტე. მარა აგერ უკვე თხუთმეტჯერ გადამეფიქრა: თქვენი რუსქოცი დედას შ*ი. და საერთოდ, ადრე ამ სიხშირით არ გაგინებდით და მაგ **ური „კანონით“ ყოველ დღე მომინდება, ძიბილი“.

მაია დარსმელიძის ეს პოსტი მალევე გააზიარა ნინო ჯღარკავამ, ტექსტით: „ეს „დიდი“ მუსიკოს მომღერალი ნახეთ რა, სტეფანეს ყოფილი ცოლი რა დღეშია, მგონი, პირველი კანდიდატია კოხტადშექმნილი სამმართველოში, ჩვენც გვიყვარხააარ.

მუსიკოსმა ამჯერად თავად გააზიარა ნინო ჯღარკავას ეს პოსტი ტექსტით: „ერთი გინებაც ჩაითვალე, ჯღარკ. მოან ჩაკეტილი კომენტარები, შე ცხრა ფილტრში გატარებულო მაინც **ავ. შენი შეშინებული დედას შ*ი“.

სწორედ ეს პოსტი იქცა შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ინსპექტორის, ელენა თოდუას ინტერესის ობიექტად და 4 ივნისს, მაია დარსმელიძეს სავარაუდო სამართალდამრღვევის სტატუსიც მიანიჭა.

თავად ნინო ჯღარკავა ამ საქმეს სოციალურ ქსელში ივნისის დასაწყისში ასე გამოეხმაურა:

„ახალ სამმართველოს დაუწყია მუშაობა და ქალბატონი დარსმელიძე დაუბარებიათ სასამართლოში, მე ოფიციალურად არ მივსულვარ და არ დამიწერია საჩივარი, აქვე [FB] მოვნიშნე შინაგან საქმეთა სამინისტრო და რეაგირებაც დროულად მომხდარა“.

დაიწყებს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ნინო ჯღარკავას საქმის შესწავლას?

თეონა ზაქარაშვილმა, მაია დარსმელიძის ადვოკატმა, 10 ივლისს, სასამართლო სხდომაზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერისა და „იქს ნიუსის“ რედაქტორის, ნინო ჯღარკავას ფეისბუკ პროფილის ვიდეოდათვალიერების ოქმი წარმოადგინა და მოსამართლეს საქმეზე მისი, როგორც მტკიცებულების დართვის შუამდგომლობით მიმართა.

ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ადვოკატი აცხადებდა, რომ ფეისბუკში, მაია დარსმელიძის შესახებ ნინო ჯღარკავას მიერ დაწერილი პოსტები და კომენტარები შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს, მათ შორის, ჰომოფობიურ, ეთნიკურ ნიადაგზე, მიემართება როგორც მუსიკოსს, ისე მისი ოჯახის რეპუტაციის შელახვას და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რამაც მაია დარსმელიძის მძაფრი რეაქცია გამოიწვია:

„წარმოდგენილი პოსტების კომენტარების ნაწილი თავად ნინო ჯღარკავას ეკუთვნის, მინიშნებებია ეთნიკურ ნიადგზე, ნარკოტიკებზე, შვილზე, ოჯახზე, და ასევე აქ არის ათეულობით კომენტარი, რომლის დამკომენტარებელი, დამლაიქებელი, წამხალისებელიც ნინო ჯღარკავაა. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი იყოს სასამართლოს განსჯადი.

ეს ყველაფერი ადასტურებს მთელ გარემოებებს, როგორ მოხდა ქალბატონი მაია დარსმელიძის მხრიდან ნინო ჯღარკავაზე პასუხის გაცემა, რომ ეს არ იყო უკონტექსტო და ეს არ იყო ის, რომ ქალბატონ მაიას სურდა, რომ უბრალოდ ცუდი სიტყვები ეწერა.

შსს-მ გადაწყვიტა, რომ ქალბატონი მაიასგან დაეწყოთ პასუხისმგებლობის ძიება და არა ქალბატონი ნინოსგან. ნახეთ ქალბატონ ნინოსთან რა ხდებოდა?“, - მიმართა თეონა ზაქარაშვილმა შსს-ს იურისტს სასამართლოში, მარიამ კერესელიძეს.

„კი, ბატონო დავურთოთ ეს მტკიცებულებები საქმეს, გავარკვიოთ, რამ გააბრაზა ქალბატონი მაია“, - თქვა მარიამ კერესელიძემ 10 ივლისს გამართულ სხდომაზე.

მიუხედავად იმისა, რომ თეონა ზაქარაშვილი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში მაია დარსმელიძის მიმართ შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული კომენტარებითა და პოსტებით გამოირჩეოდა, მან თქვა, რომ ისინი არ აპირებენ თავად მიმართონ შსს-ს ნინო ჯღარკავას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით:

„ამ საქმეში კარგად ჩანს, რომ ნინო ჯღარკავას უარესი ტერმინები არ არის დასჯადი და არ არის დასჯილი, საქმეში ამის მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი და ქალბატონი მარიამი [კერესელიძე] ახლა თუ დაიწყეს წარმოებას, ჩვენ ამაზე არ მიგითითებთ, ეს თქვენი საქმეა, რადგან ჩვენ გამოხატვის მაღალი სტანდარტით ვხელმძღვანელობთ და არა პირების დასჯის სურვილით, რომელიც სამწუხაროდ, შსს-ს გააჩნია“, - თქვა თეონა ზაქარაშვილმა.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი ნინო ჯღარკავა მაია დარსმელიძის დაჯარიმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:

“ამასობაში ჩემი შეურაცხყოფისთვის “მუზიკანტ” მაია დარსმელიძეს 2800 ლარიანი ჯარიმა მიარჭვეს, დამაფასე ოქრიკ, შეიძლებოდა მეტიც, აგერ ვახო სანაიას 6000 ლარიანი გლიჯეს”

მაია დარსმელიძე 10 ივლისს გამართულ სხდომას არ ესწრებოდა. რადიო თავისუფლებას მან რამდენიმე დღის წინ უთხრა:

„რა პროვოკაციით გამომძალეს ეს შეურაცხყოფა, როგორ ითამაშეს ჩემს თავმოყვარეობაზე, ამას არ კითხულობენ… ვიღაც უსახელო და უგვარო სამთავრობო ტროლები რომ ცდილობენ ჩემზე საშინელი დეზინფორმაციის მასობრივად გავრცელებას: “აუუ, ეს საქვეყნოდ ცნობილი ბოზი და მორფინისტია”… და ა.შ. ესენი უნდა მიწვევდნენ, გაშავების კამპანიებს მიწყობდნენ 2012 წლიდან დღემდე და თურმე მიუღებელია, არანორმატიული ლექსიკით რომ ვპასუხობ ამ დაქირავებულ ნაძირლებს.

გასაგებია, რომ გინება არ არის მისაღები. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბილწსიტყვაობა საერთოდ არ მხიბლავს, მაგრამ როდესაც საკითხს ასე მიყენებენ, ულტიმატუმის სახით, ჩემს ნებასაც ვაბიჯებ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას რამდენიმე დღის წინ.

როგორ მუშაობს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო

სასამართლოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღე რამდენიმე პროცესი ტარდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარდგენილ საქმეებზე. ამ სხდომებზე, რომლებიც ხანდახან სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, შსს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების, და არა მხოლოდ მათ, საჯარო შეურაცხყოფას ედავება.

პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 2000-დან 4000 ლარამდე.

შსს-ს მიერ მოწოდებული სტატისტიკა პირველი ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, ასეთია:

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი;

საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე;

საერთო სასამართლოებში წარდგენილი 150 საქმიდან, სასამართლოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში, სახდელის სახით, გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო, 2 შემთხვევაში - სიტყვიერი შენიშვნა. ამ სტატისტიკას 3 ივლისს კიდევ ერთი სიტყვიერი შენიშვნა შეემატა, რომელიც მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნობილ ლილი კომლაძეს გამოუცხადა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მამუკა მდინარაძე, ირწმუნება, რომ სამმართველოს შექმნის შემდეგ, „შეუიარაღებელი თვალით, მარტივი მონიტორინგითაც დასტურდება, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები, მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შს სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს“, - ეს განცხადება მან სამმართველოს შექმნიდან ერთი თავის თავზე გააკეთა.

ის კომენტარები, რომელთა გამოც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოქალაქეებს სავარაუდო სამართალდამრღვევებად მიიჩნევს და მათი საქმეები სასამართლოში მიაქვს, სოციალურ ქსელებში რჩება და ყველასთვის ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუკი თავად პოსტის ან კომენტარის ავტორი არ გადაწყვეტს, რომ ის წაშალოს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს კომენტარებისა თუ პოსტების წაშლის ვალდებულებას და შესაბამისად, ვერავინ, მათ შორის ვერც მოსამართლე ვერ დაავალდებულებს დაჯარიმებულ მოქალაქეებს, წაშალონ ის კომენტარები, რომლებსაც შსს წვრილმან ხულიგნობად ან პოლიტიკოსის შეურაცხყოფად, გადაკიდებად და საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევად მიიჩნევს.

შსს მოქალაქეებს ორი მუხლით ედავება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლი - სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და 166-ე მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა - საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. ეს მუხლები, ჯამში, 1500-დან 6000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

← მთავარი