საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საქართველოსა და სომხეთს, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი მაგისტრალის ახალი გზით ჩანაცვლებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაცია დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.
პროექტის განსახორციელებლად საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიიღო სესხი, რომელიც გულისხმობს ოთხზოლიანი და გაზრდილი გამტარიანობის ახალი გზის მშენებლობას. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 250 მილიონ ევროს, რაც 754 მილიონი ლარის ექვივალენტია.
ხელშეკრულებები ითვალისწინებს ახალი მაგისტრალების მშენებლობას ქალაქ რუსთავიდან ალგეთის, წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით.
პროექტის ლოტებია:
ლოტი I - რუსთავი-ალგეთი - სიგრძე 21 კილომეტრი;
ლოტი II - ალგეთი-წითელი ხიდი - სიგრძე 10.9 კილომეტრი;
ლოტი III - ალგეთი-არაფლო - სიგრძე 13 კილომეტრი;
ლოტი IV - არაფლო-სადახლო (სომხეთის საზღვართან) - სიგრძე 16.3 კილომეტრი.
თითოეულ მონაკვეთზე მოძრაობის დაგეგმილი სიჩქარე 120 კმ/სთ-ია.
სამშენებლო სამუშაოების განხორციელების სავარაუდო პერიოდია 2027-2029 წლები.