მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს ‘მოსამართლის შეურაცხყოფის’ საქმეზე 1.5 წლით პატიმრობა შეეფარდა
ჭიათურელი მაღაროელების საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, გიორგი ნეფარიძეს, რომელიც უკვე იხდის ხანგრძლივ საპატიმრო ვადას, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის „მოსამართლის შეურაცხყოფაში“ დამნაშავედ ცნო. კერძოდ, მას ბრალად ედება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ მაზანაშვილის შეურაცხყოფა.
როგორც ნეფარიძის ადვოკატმა „პუბლიკას“ განუცხადა, მოსამართლემ 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოაცხადა, თუმცა სიტყვიერად არ განუმარტავს, ორი სასჯელის გათვალისწინებით საბოლოოდ რა სასჯელი განესაზღვრა გიორგი ნეფარიძეს.
ნეფარიძე 2025 წლის აპრილში დააკავეს, ხოლო 2026 წლის იანვარში 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლე მაზანაშვილმა იგი „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში“ ცნო დამნაშავედ იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც იგი და კიდევ სამი მაღაროელი თავს დაესხა სოფელ შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენზიგ კობერიძეს. მასთან ერთად, ამ საქმეზე პატიმრობა მიესაჯა კიდევ სამ მაღაროელს: მერაბ სარალიძეს, არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს.