← მთავარი
პოლიტიკა

„ქირით ვცხოვრობ" — მაღალჩინოსნები, რომელთა დეკლარაციებშიც უძრავი ქონება არ ჩანს

12 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
„ქირით ვცხოვრობ" — მაღალჩინოსნები, რომელთა დეკლარაციებშიც უძრავი ქონება არ ჩანს

მარტის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდა. ამ მომენტისთვის ის უკვე ბრალდებული იყო მილიონობით ლარის გათეთრებაში, ქრთამის აღებასა და „ქოლცენტრების” ბიზნესის მფარველობაში. თუმცა დეკლარაციის თანახმად, ლილუაშვილი „უსახლკარო” აღმოჩნდა — ის გრაფა, სადაც მისი ან მისი ოჯახის უძრავი ქონების ჩამონათვალი უნდა ყოფილიყო, ცარიელია.

ეს შემთხვევა გახდა საფუძველი, რომ რადიო თავისუფლებამ სხვა მაღალი თანამდებობის პირთა უახლესი დეკლარაციებიც შეისწავლა.

ფინანსთა მინისტრი — „ყველა ინფორმაცია კანონის შესაბამისად არის ასახული”

„ქართული ოცნების” მთავრობის მინისტრებს შორის უძრავი ქონება არ ჩანს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის დეკლარაციაში. დოკუმენტის მიხედვით, არც ის და არც მისი ოჯახის წევრები რაიმე სახის უძრავ ქონებას არ ფლობენ. ხუციშვილის ხელფასი თითქმის 10 000 ლარია და ჰყავს ოჯახი — ცოლი და სამი შვილი.

ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა: „ფინანსთა მინისტრის დეკლარაციაში სრულადაა ასახული ყველა ინფორმაცია, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. არც მის და არც მისი ოჯახის წევრის სახელზე უძრავი/მოძრავი ქონება არ ირიცხება.”

ხუციშვილი 2021 წლის აპრილიდან ფინანსთა მინისტრია. ქონებრივ დეკლარაციას 2014 წლიდან ავსებს — და უძრავი ქონების გრაფა ყოველ წელს ცარიელია.

„ოცნების” დეპუტატები და „ქირა”

„ქართული ოცნების” დეპუტატ ლევან მაჭავარიანს, ბოლოს გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, უძრავი ქონება არ აქვს. მისი განმარტებით, 2025 წელს თბილისში ონიაშვილის ქუჩაზე ბინა გაყიდა. „ახლა მშობლების სახლში ვცხოვრობ,” — განაცხადა მან. დეკლარაციაში ჩანს 148 000 დოლარის ოდენობის ნაღდი ფული, წყაროდ კი „უძრავი ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავალია” მითითებული.

„ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი, ზვიად შალამბერიძე, ბოლო დეკლარაციაში ქონებას ვერ ითვლება. დეპუტატი ამბობს, ახალ დეკლარაციაში ნაყიდი ქონების მონაცემები შეიტანა, თუმცა სად ცხოვრობდა ამ პერიოდში — არ უპასუხია.

პარტია „გახარია საქართველოსთვის”-ის დეპუტატი გიგა ფარულავა ღიად ამბობს: „ქირით ვარ, პირად სახელზე უძრავი ქონება არ მაქვს. მეუღლის სახელზეც არაფერი. რომ იყოს ხომ არ დავმალავდი — რა არის დასამალი?”

მკვლევარი: გადამწყვეტია, ვის ჩაწერს ოჯახის წევრად

კორუფციის მკვლევარი სანდრო ქევხიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან” განმარტავს, რომ ხშირად ქონება სხვა ნათესავის სახელზეა რეგისტრირებული — ისეთის, ვინც კანონის მიხედვით ოჯახის წევრად არ ითვლება. „ამ ფაქტორების გათვალისწინებით გადამწყვეტია, ვის ჩაწერს ოჯახის წევრად თანამდებობის პირი დეკლარაციაში,” — ამბობს ის.

უძრავი ქონება არ ჩანს ასევე „ოცნების” დეპუტატების ნოდარ ტურძელაძისა და ვიკა ფილფანის დეკლარაციებში. ტურძელაძეს რადიო თავისუფლებამ შეტყობინება გაუგზავნა — არ უპასუხია.

← მთავარი