← მთავარი
მსოფლიო

მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში დამნაშავე პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

26 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში დამნაშავე პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიაში სასამართლომ ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობისთვის 51 წლის ფსიქიატრს, თალებ ალ-აბდულმოსენს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 

ალ-აბდულმოსენი 2024 წლის 20 დეკემბერს, 19:02 საათზე მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე BMW-ს მოდელის მანქანით შევარდა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბავშვი და 5 ქალი, დაიღუპა, ხოლო 300-ზე მეტი დაშავდა.  

პროკურატურის მიხედვით, ალ-აბდულოსმენს თავდასხმა სერიოზული იდეოლოგიური მიზეზების გამო არ მოუწყვია, არამედ პირადი მოტივები ამოძრავებდა. სამართალდამცავების თქმით, მან თავდასხმა წინასწარ დაგეგმა და მარტომ იმოქმედა.

სამართალდამცავების მიხედვით, ალ-აბდულმოსენი რიგი სამოქალაქო სასამართლო დავების წაგებით უკმაყოფილო იყო და თავდასხმა ამ მიზეზით მოაწყო. 

“ბრალდებულს მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებდა”. - განაცხადა პროკურატურამ.

ფსიქიატრიული შემოწმების დროს თავდამსხმელს ნარცისული პიროვნული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.

თავდამსხმელი საუდის არაბეთიდან გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა, ხოლო პოლიტიკური თავშესაფარი 2016 წელს მიანიჭეს. არსებული ინფორმაციით, ალ-აბდულმოსენი საუდის არაბეთის მმართველ ოჯახსა და ისლამს აკრიტიკებდა, რის გამოც პოლიტიკური დევნის სამიზნე გახდა. 

ალ-აბდულმოსენი ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის სპეციალისტია და თავდასხმამდე ქალაქ ბერნბურგში ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის განკუთვნილ ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობდა. 

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა, სულ მცირე, 2 დაიღუპა და 68 დაშავდა

← მთავარი