მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ახალ საქმეზე
მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით 1,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ნეფარიძე ბრალს არ აღიარებს და ელოდება განაჩენის ჩაბარებას, რათა გაირკვეს, გაეზარდა თუ არა მას პატიმრობის ვადა. ეს გადაწყვეტილება „მთავარ საქმეზე“ გამოტანილ განაჩენს უკავშირდება, სადაც მას და მის თანამშრომლებს უფროსზე ძალადობისთვის პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
ადვოკატის, ნინო ანდრიაშვილის თქმით, სასამართლომ განაჩენის გამოცხადებისას მხოლოდ 1,5 წელი შეაფარდა და შთანთქმასთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია. ამჟამად, ნეფარიძესა და მის სამ თანამშრომელს უფროსზე ძალადობის საქმეზე 20 იანვარს მიუსაჯეს პატიმრობა:
მერაბ სარალიძე - 6 წელი და 3 თვე; გიორგი ნეფარიძე - 6 წელი და 3 თვე; თენგიზ გველესიანი - 4 წელი და 3 თვე; არჩილ ჭუმბურიძე - 4 წელი და 3 თვე.
სარალიძესა და ნეფარიძეს ედავებოდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – ამ „ორგანიზებულ ძალადობაში“ მონაწილეობას.
ოთხი მაღაროელი პოლიციამ 2025 წლის 29 აპრილს, ჭიათურაში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავა. დაკავება მოხდა იმ საპროტესტო აქციების პარალელურად, რომლებიც ჭიათურაში თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. პროტესტი დაიწყო 2025 წლის თებერვლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ (CMC) 2024 წლის შემოდგომაზე მაღაროების მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. პროტესტი მარტში დროებით თბილისშიც გადაინაცვლა. ამასთან, ჭიათურაში წელიწადზე მეტი ხნის დაწყებული იყო სოფელ შუქრუთელების პროტესტი.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს საპატიმროში გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული. მათი დაპატიმრების შემდეგ სხვა რამდენიმე მაღაროელმაც გამოაცხადა შიმშილობა, თუმცა უშედეგოდ.