„მადნეულის” ანალოგი საქართველოში: 2030-იან წლებში ქვეყანა შეიძლება რეგიონის მთავარი ოქროს მწარმოებელი გახდეს
საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე „პალიტრანიუსისა” და რადიო „პალიტრას” გადაცემაში „საქმე” განაცხადა, რომ ქვეყანაში „მადნეულის” — ბოლნისის რაიონის ცნობილი ოქრო-სპილენძ-ბარიტის საბადოს — ანალოგი უკვე გამოვლინდა.
„შეგვიძლია ზვავისებურად გავზარდოთ ოქროს მარაგი — ასეულობით ტონაზეა საუბარი. კომპანიის სახელს სანამ მარაგი არ გათვლილა, არ ვასახელებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ: 2030-2031 წლებისთვის გვექნება პრეტენზია, რომ გავხდეთ მთავარი ოქროს მწარმოებელი მთელ რეგიონში — თურქეთისა და ირანის ჩათვლით”, — განაცხადა თვალჭრელიძემ.
მისი თქმით, ახალი საბადოს ამუშავება დაახლოებით 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპამდე სამუშაოები — კვლევები და ლიცენზირება — გრძელდება.
„მადნეული” ბოლნისის რაიონში მდებარეობს და ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამადნო ობიექტს წარმოადგენდა. თვალჭრელიძის განცხადება, ამ საბადოს ანალოგის გამოვლენის შემდეგ, ოქროს მარაგის ათჯერ გაზრდის პოტენციალს ცხადყოფს.