მესის მაგია - არგენტინამ ეგვიპტეს საოცარი მატჩი შემოუტრიალა და მეოთხედფინალში გავიდა
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში არგენტინამ ეგვიპტე 3:2 დაამარცხა და ბოლო ექვსი მინდიალიდან მეხუთედ გავიდა მეოთხედფინალში.
ეგვიპტემ თამაში აქტიურად დაიწყო და იბრაჰიმის თავურით დაწინაურდა, რომელმაც ლ. მარტინესს დაასწრო და ე. მარტინესის კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული არგენტინა შეტევებზე გადავიდა და მალევე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება - საჯარიმოში ჰასანმა ტალიაფიკო წააქცია, მაგრამ მესის დარტყმული პენალტი შუბეირმა მოიგერია. შემდეგ შუბეირმა მაკ ალისტერს და ალვარესს არ გაატანინა, მესის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი კი ძელს მოხვდა.
მეორე ტაიმში სამხრეთამერიკელებმა ზეწოლა გააგრძელეს, ხოლო ზიკომ კონტრიერიშისას გაიტანა, თუმცა იქამდე ჰაფეზის მხრიდან ლ. მარტინესზე უხეშობა დაფიქსირდა. მაინც დალაშქრა მალე ზიკომ ჰასანის პასით ე. მარტინესის კარი და „ალბისელესტე“ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ არ გატყდა: ჯერ რომერომ ლეოს გადაცემის შედეგად სხვაობა შეამცირა, მერე თავად ლიონელმა გაიტანა, ბოლოს კი ფერნანდესმა დაამწუხრა მეტოქე და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.
მეოთხედფინალში არგენტინა შვეიცარიას და კოლუმბიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ატლანტა. „მერსედეს ბენცი“
არგენტინა - ეგვიპტე 3:2
გოლები: 0:1 იბრაჰიმი (15), 0:2 ზიკო (67), 1:2 რომერო (79), 2:2 მესი (83), 3:2 ფერნანდესი (90+2)
გამოუყენებელი პენალტი: მესი (21, არგენტინა)
- მესიმ ტურნირზე გატანილი 8 გოლით ბომბარდირია.
- მესი 21 გოლით მუნდიალების ბომბარდირი და 9 საგოლე პასით საუკეთესო ასისტენტია.
- მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს 1 ჩემპიონატზე 2 თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. მას მუნდიალებზე 8-დან 4 პენალტი გაიტანა.
- მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე 31-ე მატჩი ჩაატარა და რეკორდი გააუმჯობესა.