ლუკაშენკამ 32 ადამიანი შეიწყალა, მათგან 28 - "ექსტრემიზმისთვის" მსჯავრდადებული
ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის წინ 32 ადამიანი შეიწყალა. ამის შესახებ ლუკაშენკას პრესსამსახურთან დაახლოებულმა ტელეგრამის არხმა „პულ პერვოგო“. შეწყალებულთა შორის 20 ქალია.
შეწყალებულთაგან 28 ადამიანი დამნაშავედ იყო ცნობილი ე.წ. ექსტრემიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით. როგორც წესი, სასამართლოები ასეთი ბრალდებებით ცნობენ დამნაშავედ ბელარუსის ოპოზიციონერებს, ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს და ლუკაშენკას კრიტიკოსებს.
„გადაწყვეტილება მიღებული იქნა მსჯავრდადებულებისა და მათი ოჯახების მიმართ ჰუმანიზმის პრინციპის საფუძველზე. ყველა მათგანმა შეიტანა შეწყალების შუამდგომლობა, აღიარა დანაშაული და სინანული გამოხატა“, ნათქვამია არხზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
ადამიანის უფლებების ცენტრ „ვიასნას“ მონაცემებით, 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის ბოლომდე შეიწყალეს 569 ბელორუსი პოლიტპატიმარი.
ბელარუსის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება 3 ივლისს, 1944 წელს საბჭოთა ჯარების მიერ გერმანული ოკუპაციისგან მინსკის განთავისუფლების წლისთავზე. 1997 წლამდე ამავე სახელწოდების დღესასწაული აღინიშნებოდა 27 ივლისს, 1991 წელს ბელარუსის უზენაესი საბჭოს მიერ სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაციის მიღების წლისთავზე.
ასევე ნახეთ
ლუკაშენკა ცდილობს, ბელარუსს ომი აარიდოს ზელენსკის ულტიმატუმის შემდეგ