"მოხარულები ვართ, რომ დავარწმუნეთ ლუკა ჩვენთან გადმოსვლაში"... ლოჩოშვილი "კიოლნის" მესამე ქართველი გახდა! | Lelo.Ge
ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სახელოვან გერმანულ კლუბ “კიოლნში” გააგრძელებს. ახალ კლუბთან მან ხელშეკრულება 2029 წლის ივლისამდე გააფორმა.
ორიოდ სიტყვით დღევანდელ “კიოლნზე”. გუნდის მთავარი მწვრთნელია 37 წლის რენე ვაგნერი, რომელიც ამ პოსტზე მაისში დაინიშნა. მანამდე ის გუნდში დროებით მწვრთნელად და ასისტენტად მუშაობდა.
“კიოლნი”, რომელიც გასულ სეზონში ახლოს იყო გავარდნასთან: სავსეა ლეგიონერებით. უმრავლესობის გვარ-სახელი ბევრს არაფერს გეტყვით. ყველაზე ცნობილი, ალბათ, გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე, 37 წლის რონ-რობერტ ცილერია.
ცხადია, ახალი სეზონიდან “კიოლნს” კიდევ არაერთი ახალი სახე შეემატება და უნდა ვივარაუდოთ, რომ ლოჩოშვილთან და სხვა ახალწვეულებთან ერთად, გუნდი მიზანი მხოლოდ გადარჩენისთვის ბრძოლა არ იქნება.
კი ბატონო, დღეს “თხებს” ისეთი სახელი აღარ აქვთ როგორც 70-80-იან წლებში, მაგრამ მდიდარი ისტორია არსად ქრება. სულ რამდენიმე ფეხბურთელს ჩამოვთვლით, ვისაც “კიოლნის” მაისურით უთამაშია - ვოლფგანგ ოვერატი, ჰარალდ შუმახერი, პიერ ლიტბარსკი, თომას ჰესლერი, ლუკაშ პოდოლსკი… ავსტრიელი ტონი პოლსტერი, ინგლისელი ტონი ვუდკოკი…
ამდენად, საქართველოს ნაკრების მცველის გადასვლა “კიოლნში” ძალიან მაგარი ამბავია. ესეც არ იყოს, მეორე ბუნდესლიგიდან ზოგადად გერმანულ საკლუბო ელიტაში დაწინაურება უკვე მოვლენაა ქართველი ლეგიონერებისთვის.
28 წლის ლოჩოშვილს ტოპლიგაში ასპარეზობის გამოცდილება უკვე აქვს - 2022/23 წლებში ის სერია A-ში “კრემონეზეს” ღირსებას იცავდა. მონაწილეობა მიიღო 25 მატჩში, გაიტანა ერთი გოლი და ორჯერაც თანაგუნდელებს გაატანინა.
თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილი 2025 წლის ზაფხულიდან მეორე ბუნდესლიგის კლუბ “ნიურნბერგში”, ლეგენდარული მიროსლავ კლოზეს ხელმძღვანელობით თამაშობდა. ლუკა უპრობლემოდ დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა.
გამოტოვა მხოლოდ ერთი მატჩი და ისიც ჭარბი ყვითელი ბარათების გამო. გაიტანა 5 გოლი და შეასრულა 2 საგოლე გადაცემა - დაგვეთანხმებით, მცველისთვის შესანიშნავი შედეგია!
“ლოჩოს” საქართველოს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2021 წლის 5 სექტემბერს, ესპანეთთან მსოფლიო ჩემპიონატის გასვლით საკვალიფიკაციო მატჩში (0:4) შედგა. იმის შემდეგ, ლუკამ ეროვნული გუნდის მაისურა კიდევ 31 შეხვედრაში მოირგო, გაიტანა 4 გოლი და შეასრულა 2 “ასისტი”.
იყო ევროპის ჩემპიონატის მონაწილე და იქ თავისი კვალიც დატოვა, პორტუგალიასთან ისტორიულ მატჩში მოპოვებული 11-მეტრიანით.
“ძალიან მოხარულები ვართ, რომ შევძელით და დავარწმუნეთ ლუკა ჩვენთან გადმოსვლაში. ბოლო რამდენიმე წელიწადში მან ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. ის ზუსტად იმ პროფილის მოთამაშეა, რომელსაც ვეძებდით.
გამომდინარე მისი პიროვნული თვისებებიდან, ფიზიკური სიძლიერიდან და ბურთის ართმევის უნარებიდან, განსაკუთრებით “მეორე სართულზე”, ის ჩვენს დაცვას მეტ სტაბილურობას შესძენს. თუნდაც ის, რომ ლუკა “მემარცხენეა”, დაცვის ცენტრში ეს უფრო მეტი ხარისხის იმედს გვაძლევს”, - ამბობს “კიოლნის” მმართველი დირექტორი თომას კესლერი.
“ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელს, მეც მქონდა და მაქვს სურვილი, სულ უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო. ამიტომაც ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ და გავხდი ბუნდესლიგის ტრადიციული კლუბის, “კიოლნის” ფეხბურთელი.
მოლაპარაკებები პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა. მათ დამარწმუნეს, რომ ეს არის ის გზა, რომელიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. დიდია მოლოდინი იმისა, თუ როდის მოვირგებ ასეთი დიდი კლუბის მაისურას. მოუთმენლად ველი ასევე შეხვედრას ჩემი ახალი გუნდის ქომაგებთან”, - ეს უკვე “კიოლნის” ქართველი ახალწვეულის სიტყვებია.
სხვათა შორის, ის პირველი ქართველი არ არის, ვინც “კიოლნის” ღირსებას დაიცავს. 1994 წლის პირველ ნახევარში აქ რევაზ არველაძე თამაშობდა, ხოლო 2000-2003 წლებში “თხების” მაისურა ტყუპისცალ არჩილ არველაძესაც მოურგია.