ლონდონის სამეფო ოპერა კირ სტარმერს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდებს
ლონდონის სამეფო ოპერის თეატრის დირექტორი პიტერ კატონა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს სთხოვს ჩაერიოს ცნობილი ქართველი ბასი პაატა ბურჭულაძის საქმეში. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
„71 წლის ბურჭულაძე სამეფო ოპერის სცენაზე 1984 წლიდან გამოდიოდა — ლუჩანო პავაროტის, პლასიდო დომინგოსა და ხოსე კარერასის გვერდით მღეროდა. მომავალშიც ვფიქრობთ მისი მოწვევის შესახებ,” — ნათქვამია წერილში.
კატონა აცხადებს, რომ ბურჭულაძეს „სამაგალითოდ სჯიან” — იმ ყველასთვის გაფრთხილებისთვის, ვინც მმართველი რეჟიმის გამოწვევას გაბედავს. „ბატონ ბურჭულაძეს წაყენებული ბრალდებები სრულად გაყალბებული და უკანონოა — მას მხოლოდ პოლიტიკური პოზიციის გამო დევნიან,” — ხაზს უსვამს ის.
კატონა ასევე მიუთითებს, რომ საქართველოში 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია; ბოლო საპროტესტო აქციებისას 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 300-ზე მეტი მათგანი წამებას ადასტურებს. „თქვენი ყურადღება და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს ხალხისთვის,” — ნათქვამია მიმართვაში.
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეში ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე 7-7 წლიანი თავისუფლების აღკვეთით დასაჯა. კიდევ ოთხ ბრალდებულს — თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიასა და ნიკა გვენცაძეს — 5-5 წელი განუსაზღვრა.