← მთავარი
საზოგადოება

წარუკიანის სახლიდან ერევნის ზოოპარკში გადაყვანილი ერთ-ერთი ლომი მოკვდა

8 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
წარუკიანის სახლიდან ერევნის ზოოპარკში გადაყვანილი ერთ-ერთი ლომი მოკვდა

ძუ ლომი ერევნის ზოოპარკში გადაყვანის მიზნით დროებით დააძინეს, თუმცა ზოოპარკში გადაყვანის შემდეგ მან ვეღარ გაიღვიძა.

ერევნის ზოოპარკმა ეს დაუკავშირდა ცხოველის „ხანდაზმულობას“ და თანმდევ დაავადებებს, რაც, ზოოპარკის თანახმადვე, აუტოფსიის ანგარიშშია ასახული.

„ცხოველს დაზიანებული ჰქონდა ორგანოთა რამდენიმე სისტემა: ელენთა, ღვიძლი, ფილტვები და გული. ასევე აღენიშნებოდა ნაღვლის ბუშტის ანთებითი ცვლილებები, სიმსუქნე და მუცლის ღრუში დაგროვილი სითხე“, - განაცხადა ზოოპარკმა.

გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო კომიტეტმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ გამოიძიებს „ლომის დაძინებისა და შემდეგ გამოუღვიძებლობის“ გარემოებებს.

თუმცა მანამდე ერევნის მუნიციპალიტეტმა განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს, „კერძო სახლში მყოფ“ ცხოველებს ზოოპარკში გადაიყვანდნენ და ისინი „სპეციალისტების მეთვალყურეობისა და ზრუნვის ქვეშ“ იქნებოდნენ.

ლომები, ვეფხვი და ფიტულები

წარუკიანის რეზიდენციიდან ზოოპარკში გადაიყვანეს სამი ლომი და ერთი ვეფხვი - ზრდასრული ცხოველები, დედაქალაქის მერიის თხოვნით, ერევნის ზოოპარკმა შეიფარა.

წარუკიანის სახლიდან გამოიტანეს 200-მდე ფიტული - გარეული ფრინველებისა და ცხოველების, მათ შორის - მგლების. ვიდეომასალებში კარგად ჩანს, რომ ბიზნესმენის სახლი ცხოველების სხვადასხვა ზომის ფიტულებით იყო სავსე.

ფიტულებს ახლა დანაშაულის მტკიცებულებებად დაურთავენ საქმეს, რადგან წარუკიანს უკანონო ნადირობაც ედება ბრალად. რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ - ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი 30 მილიონ დრამს [თითქმის 82 ათას დოლარს] აღწევს.

წარუკიანის დაკავება

პოლიციამ პრორუსი ბიზნესმენის, ოლიგარქ გაგიკ წარუკიანის სახლში 6 ივლისს ჩაატარა ჩხრეკა.

დაკავებამდე, გაჩხრიკეს წარუკიანის სახლი და კომპანიებში - 70 სხვადასხვა მისამართი. პოლიციამ დალუქა არაერთი კომპანიის ოფისები და დაკავებულს ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში წაუყენა.

7 ივლისს ჩატარდა სასამართლო სხდომა და სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ადამიანს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

დაკავებამდე, გაჩხრიკეს წარუკიანის სახლი და კომპანიებში - 70 სხვადასხვა მისამართი. პოლიციამ დალუქა არაერთი კომპანიის ოფისები და დაკავებულს ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში წაუყენა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, წარუკიანის წინააღმდეგ, ჯამში - 10-ზე მეტი სისხლის სასამართლოს საქმეა აღძრული.

ქრისტეს გიგანტური ქანდაკების აშენების ინიციატორ ბიზნესმენი, რომელსაც რუსეთთან და ბელარუსთან საგანგებო კავშირებით იცნობენ, გიგანტური ნოეს კიდობნის აგებასაც გეგმავდა.

მისი პარტია - „აყვავებული სომხეთი“ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მე-4 ადგილზე გავიდა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდა - 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

← მთავარი