← მთავარი
საზოგადოება

"გამოვარდა ერთი ტყიბულელი ოფიციანტი ბიჭი, გადაეშვა ამ სიბნელეში წყალში, მიაგნო ნახევრად გონდაკარგულ ახალგაზრდას, ძლივს გამოათრია ნაპირზე..." - რა მოხდა ლისის ტბაზე

25 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ლისის ტბაზე მომხდარი ამბის შესახებ წერს. როგორც პოსტიდან ირკვევა, რამდენიმე დღის წინ, ღამით, 23:00 საათზე, ლისის ტბაზე ერთ-ერთ კაფეში მომუშავე ბიჭმა ტბაში დახრჩობას კაცი გადაარჩინა. ბიჭი, რომელზეც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია საუბარი 23 წლის თემო კუბლაშვილია. “ლისის ტბაზე ახალგაზრდა იხრჩობოდა გუშინწინ… ღამის 11 საათზე.

ამ დროს ბევრი ხალხია ხოლმე ლისზე! ბავშვს გადაუვარდა ბურთი და ეს ახალგაზრდა გაჰყვა გამოსატანად… ვერ მოიგდო ბურთი ხელში,შეჰყვა შუა ტბამდე და …იქ გამოეცალა ძალა…

წყალნაყლაპი ხმით ხრიალებდა მიშველეთო! თავიდან ხუმრობა ეგონათ, მერე ატყდა ერთი ამბავი, გამოიძახეს პოლიცია, მაშველები, სასწრაფო…. და ისინიც მყისიერად ხომ ვერ მოვიდოდნენ?! მოკლედ - გამოვარდა ერთი ტყიბულელი ოფიციანტი ბიჭი (თემო),გზადაგზა იხდიდა ტანსაცმელს, გადაეშვა ამ სიბნელეში - შავ, პირქუშ წყალში. არაფერი არ ჩანდა… სიბნელეში თეთრი ბურთით მიაგნო ნახევრად გონდაკარგულ ახალგაზრდა კაცს, მიცურა და ძლივს გამოათრია ნაპირზე. ეცნენ ექიმები და გააქანეს საავადმყოფოში მოსასულიერებლად, და ერთი დღე-ღამე იქ ჰყავდათ და გადაარჩინეს. ეს ტყიბულელი გმირი კარგა ხანს იჯდა ნაპირზე, ისე დაღლილი იყო…. ვერ დგებოდა. მეორე დღეს რომ მომიყვნენ, მე - ცურვის არმცოდნე სუბიექტმა, რამით რომ მიმეღო მონაწილეობა ჩემი მოკლე ჭკუით- ფული შევთავაზე პრემიის სახით… არაფრით არ გამომართვა! არაფრით! ყოველ დილით დავდივარ ლისზე უკვე 16 წელია, ვზივარ ახლა კაფეში, “ინტელიგენცია” რომ ქვია, გერმანელები მყავს სტუმრად,და ვუყურებ ამ ტყიბულელ ოფიციანტ ბიჭს… მუშაობს ჩვეულებრივად. გარეთ წვიმს ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ყოველ დილით… თითქოს არაფერი არ მომხდარა. ვეხუმრები, სალნიკოვს ვეძახი მეტსახელად… თვალებგაფართოებული მისმენენ გერმანელები, რომ ვუყვები და მასზე მივუთითებ.~ ვუყურებ ამ ბიჭს და ვფიქრობ - რა კარგია, რომ ასეთი ახალგაზრდები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, ეს ცხოვრების სურვილს და სტიმულს გმატებს ადამიანს. მადლობა შენ ტყიბულელო ბიჭო, რომ მაგრძნობინე ცხოვრების ხალისი. 4 მეტრი ყოფილა ლისის ტბის სიღრმე… ღამე საშიში შესახედავია!!! შავი! არადა რა ლამაზია დილით”, - წერს პოსტის ავტორი.

← მთავარი