[ჭადრაკი] ლევან ფანცულაია გამარჯვებულს ქულით ჩამორჩა | Lelo.Ge
ბათუმში დამთავრდა მე-10 საჭადრაკო ფესტივალი, რომლის მთავარ ტურნირში ექვსი ქვეყნის 36 წარმომადგენელი მონაწილეობდა. შვეიცარიული სისტემით ცხრა ტური გათამაშდა.
ბოლო ტურში ერთპიროვნული ლიდერი, საერთაშორისო ოსტატი სეიდ პურმოსავი (ირანი), რომელმაც პირველი ადგილი ფინიშამდე ტურით ადრე დაიბევა, შავი ფიგურებით თანამემამულე შაჰდად ტეიმურის დაუზავდა და 7.5 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა.
საქართველოს არაერთგზის ჩემპიონმა დიდოსტატმა ლევან ფანცულაიამ შავებით ირანელი ამირ ჰოსეინ დორუდგარი დაამარცხა და 6.5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. გიგა ყუფარაძემ თანამემამულე ერეკლე ტაბატაძეს აჯობა, ხოლო თორნიკე სანიკიძე და გაიოზ ნიგალიძე, შესაბამისად, ილია მაკოვეევსა (რუსეთი) და ჰოვიკ ჰაირაპეტიანს (სომხეთი) დაუზავდნენ.
საბოლოოდ 6-6 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები, შესაბამისად, შაჰდად ტეიმურიმ და ალექსანდრ კოპილოვმა (რუსეთი) გაინაწილეს. 5.5-5.5 ქულით მეხუთე-მეცხრე ადგილებზე ილია მაკოვეევი, ჰოვიკ ჰაირაპეტიანი, გაიოზ ნიგალიძე, თორნიკე სანიკიძე და გიგა ყუფარაძე გავიდნენ.