"რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება" — ლევან მახაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე
“რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება. ამიტომ ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა ამ რეზოლუციის სრულად უარყოფა”, — ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
მისი თქმით, “რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება. ამიტომ ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა ამ რეზოლუციის სრულად უარყოფა”.
“მსურს, გამოვეხმაურო ჯო უილსონის მიერ წარდგენილ მიკერძოებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც ეუთო-ს მიმართ ნდობას უფრო აზიანებს, ვიდრე მისი პრინციპების დაცვას ემსახურება. დოკუმენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო და დაუდასტურებელ ბრალდებებს იმეორებს. რეზოლუცია ასუსტებს საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობას, რომლის დაცვის ვალდებულებასაც ეუთო ისახავს მიზნად და ეწინააღმდეგება არჩევნებში ეუთო-ს ჩაურევლობის პრინციპს. გადახედეთ ეუთო-ს წევრ ქვეყნებში ჩატარებული ბოლო ათი არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშებს და მითხარით, რომელი მათგანი იყო საქართველოზე უკეთესი იმ პრობლემების მასშტაბით, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში დაფიქსირდა? ამავე დროს შეგიძლიათ, დაასახელოთ ამათგან თუნდაც ერთი ქვეყანა, რომელიც ამ ფორუმზე მსგავსი მასშტაბის ყურადღების ობიექტი გახდა არჩევნებიდან ორი წლის შემდეგაც კი?
ღრმა შეშფოთებას იწვევს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი დელეგატის მიერ გამოვლენილი აკვიატებული დამოკიდებულება, რომელიც მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილ შეთქმულების თეორიების მიმდევარს მოგვაგონებს. ჯო უილსონის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის გაცნობის შემდეგ ამ დასკვნის გაკეთებისგან თავის შეკავება შეუძლებელია. ეს არ არის საპარლამენტო დიპლომატია. ეს არის ჩვენი საერთო, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის ინსტრუმენტალიზაცია, რაც აზიანებს იმ დიალოგის საფუძველს, რომლის დაცვასაც ვესწრაფვით.
ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ როდესაც მისავე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ FARA-ს რეესტრში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ლობისტურ კომპანია Nelson Mullins-თან გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც, ასევე, “სრულიად შემთხვევით”, ჯო უილსონთანაც არის დაკავშირებული.
ბატონო თავმჯდომარე, ცალკეული შესწორებები ვერ გამოასწორებს იმ ფუნდამენტურ და შინაარსობრივ ნაკლოვანებებს, რომლებიც მთელ დოკუმენტს გასდევს. რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება. ამიტომ ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა ამ რეზოლუციის სრულად უარყოფა”, — განაცხადა ლევან მახაშვილმა (სიტყვას “პირველი არხი” ავრცელებს).
ცნობისათვის, 6 ივნისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციის პროექტს — “საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა” მხარი დაუჭირა. რეზოლუციის ინიციატორია ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ.
რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება საქართველოში საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს და დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების ყველა დაფიქსირებულ საარჩევნო დარღვევაზე და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები.