ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება და ევროკავშირში გაწევრიანების „უარყოფით მხარეებს ხვდება”
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „პრაგმატიკოსებისგან” შედგება, რომლებიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების „შესაძლო უარყოფით შედეგებს” ხვდებიან.
„საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებითაა შემდგარი. ისინი ადასტურებენ ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, მაგრამ ესმით, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს შეწყვიტოს იყოს ქვეყანა, რომელიც თავისი პროდუქციით არის ცნობილი” — განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის 70% ამჟამად რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებზე მოდის. „ეს ყველაფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტს — განსაკუთრებით იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რომ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს” — დაუმატა მანვე.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის „ურთიერთობები რეგულარულ საფუძველზე შენარჩუნებულია” და რუსი ტურისტები საქართველოს სიყვარულით სტუმრობენ.