ლატვია რუსეთს ტყუილში ადანაშაულებს — მოსკოვი ბალტიისპირეთს დარტყმებით ემუქრება
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 19 მაისს გამოაქვეყნა განცხადება, რომ უკრაინა ლატვიის სამხედრო ბაზებიდან დრონების გაშვებით „ტერორისტული შეტევების” ჩატარებას გეგმავს. მოსკოვმა ლატვიას „გადაწყვეტილებების მიღების ცენტრების” კოორდინატების ცოდნა შეახსენა და მიანიშნა, რომ „ნატოს წევრობა ტერორისტების დამხმარეებს სამართლიანი შურისგებისგან ვერ დაიცავს.”

რეაქცია რიგიდან
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა X-ზე დაწერა, რომ „რუსეთი ტყუის” — ლატვია არავის აძლევს ნებას, გამოიყენოს მისი ტერიტორია ან საჰაერო სივრცე რუსეთსა თუ სხვა ქვეყანაზე დარტყმებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ განაცხადა, რომ მოსკოვი „ლატვიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს” და ამ მტკიცებულებებს ადრეც არაერთხელ უარყოფდნენ.
ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ასეთი განცხადებები სიახლე არ არის — მოსკოვი ამას რეგულარულად იმეორებს, თუმცა პროვოკაციები გამორიცხული არ არის.
კიევის პოზიცია
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰეორჰი ტიხიმ ოფიციალურად უარყო ბრალდებები: „არცერთი სიტყვა სიმართლე არ არის.” ტიხის თქმით, უკრაინა ლატვიის ტერიტორიას ოპერაციებისთვის არ იყენებს და არც მომავალში გამოიყენებს. „რუსეთის ტყუილი — ბალტიის ქვეყნებში საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გასაღვივებლად გათვლილი პროპაგანდისტული კამპანიის გაგრძელებაა,” — დასძინა მან.
აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის მკვლევარმა მარცის ბალოდისმა ეს კრემლის პროპაგანდის „მორიგ გამოვლინებად” შეაფასა — მცდელობა, გადაიფაროს „პუტინის უუნარობა, დაიცვას რუსეთის ტერიტორია.”