FOX-თან საუბარში ლატვიის დაზვერვის წყაროები რუსეთის შესაძლო საჰაერო იერიშზე ლაპარაკობენ
ამერიკულ Fox News Digital-თან საუბარში ლატვიის დაზვერვის ანონიმური წყაროების თქმით, ხედავენ ნიშნებს, რომ რუსეთი ბალტიის ქვეყნების ან პოლონეთის წინააღმდეგ გეგმას პროვოკაციას, საჰაერო ან ჰიბრიდული თავდასხმების სახით, რათა NATO-ს ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტონ.
“ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ამზადებს სამხედრო პროვოკაციას ბალტიის ქვეყნების ან პოლონეთის წინააღმდეგ - არა კონვენციურ ომს, რადგან რუსეთს ეს ახლა არ შეუძლია, მაგრამ ჰიბრიდულ თავდასხმას, როგორიცაა რაკეტით, დრონებთი ან სხვა სახის ქმედებას, რომლის მიზანიც იქნება შემდეგი გზავნილის გავრცელება: შეწყვიტეთ უკრაინის მხარდაჭერა, წინაააღმდეგ შემთხვევაში, თავად შეგექმნებათ პრობლემები.” - Fox-ის ცნობით, თქვა მათთან საუბარში ლატვიის დაზვერვის წარმომადგენელმა.
ლატვიის დაზვერვის წყაროების თქმით, მთავარი პრობლემა არა ისაა, რომ მოსკოვი NATO-სთან სრულმასშტაბიანი ომისთვის მზადაა, არამედ ის, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მისთვის სასიამოვნო “რეალობის” სურათს უხატავენ და მან შეიძლება არასწორი გათვლები გააკეთოს.
“ყველაზე მეტად სანერვიულო არასწორი გათვლებია. რუსული ინსტიტუტები პუტინს ეუბნებიან იმას, რისი გაგებაც მას სურს, რაც ქმნის სახიფათო წრეს, რომელმაც შესაძლოა სულელურ და უაზრო გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს… ვხედავთ უფრო და უფრო მეტ ნიშანს, რომ პუტინს სურს მხოლოდ კარგი სიახლეების გაგონება. ის იზოლირებულია, რაც გადაწყვეტილებების მიღებას კიდევ უფრო პრობლემურს ხდის, რადგან გადაწყვეტილებები რეალურ სიტუაციაზე დაყრდნობით არ მიიღება.” - ამბობს ლატვიის დაზვერვის წარმომადგენელი.
ლატვიის სადაზვერვო უწყებამ, კონსტიტუციის დაცვის ბიურომ, აქამდე გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ გაეროში წარსადგენ საჩივარს ამზადებდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, მოსკოვი აპირებს ამ ქვეყნების რუსების დისკრიმანციაში დადანაშაულებას, რათა შემდეგში საკუთარი მოქმედებები გაამართლოს.
“რუსეთს სჯერა, რომ ბალტიის ქვეყნებს მართავენ პროამერიკული ელიტები, რომლებიც საკუთარი ხალხისგან გაყოფილები არიან. ეს შეცდომა მათ უკრაინაში შეჭრამდეც დაუშვეს, სწორედ ამიტომ გვაღელვებს ეს შეხედულება.” - თქვა Fox-ის წყარომ.
ლატვიის დაზვერვის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ ამჟამად სრულმასშტაბიანი თავდასხმის არ ეშინიათ და ისინი სამხედრო პროვოკაციებზე ღელავენ.
“ამჟამად არ არსებობს ლატვიის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხე. ჩვენ არ გვაშფოთებს სრულმასშტაბიანი თავდასხმა ახლა. რუსეთს საკმარისი შესაძლებლობების აღსადგენად სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდება, უკრაინაში ომი დღესაც რომ დაასრულოს. რაც ახლა გვაღელვებს, არის პროვოკაციები - დრონები, რაკეტები და სხვა სახის ჰიბრიდული თავდასხმები.” - თქვა ანონიმურმა წყარომ.