← მთავარი
საზოგადოება

რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება

7 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება

ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, ლაშა სუხიშვილმა ურბანული განაშენიანების კლიმატზე გავლენაზე და, უხვი ნალექის შედეგად, თბილისის უბნების დატბორვის მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის, რაც გუშინ, 6 ივლისს თბილისში მოხდა, ამას “ურბანული წყალდიდობა ჰქვია, როცა ქალაქი იტბორება იმიტომ, რომ წვიმას დახვდა წყალგაუმტარი ზედაპირი, ასფალტი. ბუნებრივი ნიადაგი, მიწაა საჭირო, რომ ეს წყალი ნიადაგში გაიჟონოს ისე, როგორც მილიონობით წლის განმავლობაში ხდება”.

“ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტს ჰქონდა სამაგისტრო და ამ სტუდენტმა შეისწავლა ადგილობრივი, ლოკალური კლიმატი რა კავშირშია ურბანულ განაშენიანებასთან და აღმოაჩინა, რომ თბილისის შემთხვევაში, ცათამბჯენები რაღაც გამათბობელი ელემენტივით მოქმედებს, მათ შორის ღამითაც. ანუ, ღამით მზე არ არის, ხომ, უნდა აგრილდეს, მაგრამ ეს დიდი შენობა რომ გახურებულია, იმ მიმდებარე უბანს სიმხურვალეს უნარჩუნებს ღამითაც. ასეთი ეფექტები უამრავია. მით უმეტეს, თბილისში რაც უფრო მეტი წელი გადის, მით უფრო მეტი დიდი შენობა იდგმება მწვანე საფარის ხარჯზე. ელემენტარულად, ეზოში ბალახის ნაცვლად რომ ქვა დაიგება, უკვე ლოკალური კლიმატი იცვლება. იმიტომ, რომ ბალახს თავისი აორთქლების ციკლი აქვს, რაც სიგრილეს უნარჩუნებს, მაგრამ ქვა პირიქით არის — ქვა დღისით ხურდება და ღამით ისევ ხურს.

[…] ელ-ნინიოს კლიმატური ეფექტი ან მოვა ჩვენამდე, ან არა. თუ ექნება — ძალიან მცირე, მაგრამ რასაც აქვს ეფექტი, არის ურბანული განაშენიანება, ასფალტი, მწვანე საფარის გაჩეხვაა. აი, წუხანდელი წვიმა — რატომ დაიტბორა თბილისი? ამას ჰქვია urban flooding, ანუ ურბანული წყალდიდობა, როცა ქალაქი იტბორება არა იმის გამო, რომ ძალიან დიდი წვიმა მოვიდა. კი, დიდი წვიმაც მოვიდა, მაგრამ ამ წვიმას დახვდა წყალგაუმტარი ზედაპირი, დახვდა ასფალტი. იმხელა კოლექტორს ვერ ააშენებ, რომ ამდენ წყალს გაუმკლავდეს. მაგდენი წყლისთვის არსებობს ბუნებრივი გარემო, არაფერი ასაშენებელი არ არის — ბუნებრივი ნიადაგი, მიწაა საჭირო, რომ ეს წყალი ჩაიჟონოს ნიადაგში ისე, როგორც მილიონობით წლის განმავლობაში იჟონება. იმის ნაცვლად, რომ დახვდეს მიწა, დახვდა ასფალტი და წყალგაუმტარი ზედაპირი. რამდენი წვეთი წვიმაც მოვიდა, იმდენი წვეთი ზედაპირზე რჩება და აყალიბებს ასეთი ტიპის წყალდიდობებს”, — თქვა ლაშა სუხიშვილმა.

გუშინ 6 ივლისს თბილისში უხვი ნალექი მოვიდა. ძლიერი წვიმის გამო, თბილისის სხვადასხვა უბანი დაიტბორა და მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემები შეექმნათ. განსაკუთრებით დაიტბორა დიდი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, გლდანის და ვარკეთილის კონკრეტული მონაკვეთები.

← მთავარი